სტიქია მარნეულში

მარნეულში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა და ხეები მოგლიჯა

მარნეული ენმ/fb.com

მარნეულის მუნიციპალიტეტსა და რამდენიმე სოფელში ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა. სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, მოთხარა ხეები, სოფელ წერეთელში, თამარისსა და კიზილაჯლოში დაზიანებული და განადგურებულია ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და სხვა ტიპის ნათესები. 

"ამდენი წელია მარნეულში ვცხოვრობ და ასეთი გრიგალი და სეტყვა არ მინახავს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ჩვენ ადგილზე ვართ გასული და სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ვსწავლობთ," - უთხრა ინტერპრესნიუსს მარნეულის გამგებლის მოადგილემ თემურ ბერიძემ და აღნიშნა, რომ ტექნიკა უკვე მუშაობს და მოგლეჯილი ხეებისგან წმენდს.

გარდა ამიისა, სტიქიის შედეგად, დაზიანებულია ელექტროგაყვანილობის სადენები და გარკვეული ქუჩები, მათ შორის ცენტრალური ქუჩა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წუხანდელმა ქარმა და სეტყვამ ყველაზე მეტად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის მოსახლეობა დააზარალა. ქარის შედეგად მოგლეჯილი ასწლოვანი ნაძვები სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს დაეცა და სახურავები დააზიანა. ძლიერმა ქარმა სახურავი ათამდე სახლს გადახადა, მოგლეჯილი ნაძვების დაცემის შედეგად დაზიანებული და ჩანგრეულია ათამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი. სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მოგლეჯილმა ნაძვებმა გაზსადენი და ელექტროსადენებიც დააზიანა. 

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალური კომისია უკვე შეუდგა. მარნეულის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის თქმით, ზარალი დიდია.

კომენტარები