საქართველოს ეკონომიკა

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა დაიწყო

bstdb.org

დღეს თბილისში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ყოველწლიური შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის ფარგლებში თბილისში 21 ივნისის ჩათვლით გაიმართება ბანკის დირექტორთა და მმართველთა საბჭოს სხდომები. საქართველოში შავი ზღვის განვითარების ბანკს გაფორმებული აქვს €123 მილიონის ღირებულების 24 პროექტი. საქართველო BSTDB-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა.

დღეს BSTDB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში რუსთაველის თეატრში გაიხსნა ბიზნესფორუმი, რომელზეც სიტყვით ბანკის პრეზიდენტი იჰსან უღურ დელიქანლი და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდნენ. პრემიერის თქმით, საქართველოში მსგავსი მნიშვნელობის ბიზნესფორუმების გამართვა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს. პრემიერმა ბიზნესის კეთების რეიტინგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით, გადასახადების საერთო დონით და მათი ადმინისტრირების სიმარტივით მსოფლიოს მრავალ, ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს. 

BSTDB-ის პრეზიდენტის იჰსან უღურ დელიქანლის თქმით, ბანკისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგანაც მასზე BSTDB-ის საქმიანობის მომავალი ოთხი წლის პროექტებს განიხილავენ. დელიქანლიმ ასევე მწუხარება გამოთქვა 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით და გარდაცვლილთა ოჯახებს თანაუგრძნო.

საქართველოში BSTDB-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ქვეყანაში დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის აღმოფხვრა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემის მოგვარებაა, რასაც პირველ რიგში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება სჭირდება. მსგავსი ტიპის რეგიონული ფორუმები კი სწორედ ინვესტიციების მოზიდვისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. 

BSTDB-ი 1994 წელს თბილისში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად შეიქმნა. ბანკის 16.5%-იან წილს რუსეთი, თურქეთი და საბერძნეთი ფლობენ. 13.5%-იანი წილის მფლობელები უკრაინა და ბულგარეთი არიან. საქართველოს კი ბანკის 0.5% წილი აქვს. Standard & Poor's-ის რეიტინგის მიხედვით, ბანკს A- კატეგორია აქვს მინიჭებული.

 

კომენტარები