სტიქია თბილისში

სტიქიის აღმოსაფხვრელად, ჯარის გამოყვანის შესახებ პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

"ქ. თბილისში 2015 წლის 13-4 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს სახმელეთო ჯარები", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის ბრძანებაში.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა, ათამდე დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

სტიქიის შედეგების სწრაფად და ეფექტიანად აღმოფხვრის მიზნით, დაზარალებულ უბნებზე სახელმწიფო უწყებების ფუნქციები განაწილდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება საგანგებო შტაბის სხდომაზე მიიღეს.

ზოოპარკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო მუშაობს, სვანიძის ქუჩაზე - თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, ყიფშიძის ქუჩაზე - გარემოს დაცვის სამინისტრო, წყნეთის ქუჩაზე - თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, მზიურის ტერიტორიაზე - შინაგანი ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები, ასევე, ტერიტორიაზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა.

 

კომენტარები