საქართველოს ეკონომიკა

IMF: სებ-ის პოლიტიკა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე სწორია

bpn.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ვითარების შესახებ კონფერენცია გამართა. საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის აზიმ სადიკოვის თქმით, რეგიონში შექმნილ ეკონომიკურ სირთულეს ყველაზე უკეთ თურქეთისა და საქართველოს ცენტრალური ბანკები გაუმკლავდნენ, რომლებმაც გრძელვადიან კრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვანი სავალუტო ინტერვენციები არ მოახდინეს და ქვეყნის ეროვნულ ვალუტას თავისუფალი ცურვის საშუალება მისცეს. 

აზიმ სადიკოვის თქმით, ამ რეგიონში ეკონომიკური სირთულე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის გამოწვეული:

1) ამერიკული დოლარის მსოფლიო გამყარება, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ გამოიწვია. დოლარის გამყარებამ განვითარებადი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია გამოიწვია.

2) ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ (ECB) მონეტარული პოლიტიკის შერბილება, რის გამოც ევრო დოლართან მიმართებით 20%-ზე მეტად გაუფასურდა.

3) რუსეთში არსებული ეკონომიკური სირთულეები, რაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებზეც ახდენს უარყოფით გავლენას.

4) მეოთხე ფაქტორი კი ნავთობის ფასის მსოფლიო კლებაა, რაც ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე უარყოფითად აისახება. საქართველოს რამდენიმე სავაჭრო პარტნიორი ნავთოექსპორტიორია, რამაც მათ ეკონომიკებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. 

სადიკოვის თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი გრძელვადიანია და მათი მოგვარება სავალუტო რეზერვების ხარჯვით ვერ მოხდება, რის გამოც ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკასთან, მათ შორის სომხეთსა და მოლდოვასთან შედარებით, რომლებმაც საკუთარი სავალუტო რეზერვები "დაწვეს", საქართველოს ეროვნულ ბანკს გაცილებით უფრო სწორი პოლიტიკა ჰქონდა არჩეული, როდესაც სავალუტო ინტერვენცია გაცილებით უფრო მოზომილი იყო. 

სადიკოვი აქვე იმ უარყოფით შედეგზეც საუბრობს, რაც ლარის დევალვაციამ გამოიწვია, რისი უმთავრესი ფაქტორიც ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციაა - "ქვეყანაში მივესალმებით მცურავი გაცვლითი კურსის არსებობას იმდენად, რამდენადაც ეს არის საშუალება, რაც ამცირებს საგარეო შოკებს და მასში ხდება ამ შოკის შეკავება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საშუალებით გატარდეს გარე შოკი და არ მოხდეს მისი ასახვა რეალურ ეკონომიკაზე, თუმცაღა ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა ისეთი მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ ქვეყანას დოლარიზაციის დონე მაღალი არ აქვს, ადამიანი უყურებს თავის შემოსავალს ადგილობრივ ვალუტაში და არც აინტერესებს, როგორია გაცვლითი კურსი. ეს მასზე არ მოქმედებს. მაგრამ, როდესაც ადამიანს ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, შემოსავალი კი ადგილობრივ ვალუტაში აქვს, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულად გადააქვს, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში მოხდეს დოლარიზაციის დონის შემცირება და მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება".

კომენტარები