საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საკუთარ ქვეყანას ბევრად მეტ სარგებელს საქართველოს საზღვრებს გარეთ და არა სამშობლოში პატიმრობაში ყოფნისას მოუტანს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია დოჟდისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქსენია სობჩაკის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც სამშობლოდან მისი წასვლის მიზეზებს ეხებოდა.
„როდესაც ვფიქრობ თქვენს გაქცევაზე ქვეყნიდან, პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, არ შემიძლია არ გავიხსენო მაგალითად ალექსეი ნავალნი, მის წინააღმდეგაც ბევრი საქმეა აღძრული, რომელსაც იგი გაყალბებულად მიიჩნევს. ის იბრძვის, ის იცავს თავს და მზადაა ჩაჯდეს ციხეში და გახდეს მოწამე, როგორც ნელსონ მანდელა...“, - მიმართა სობჩაკმა სააკაშვილს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „ჩემი მეგობრების ნაწილმა ასე გააკეთა საქართველოში. როდესაც ჩემს ხალხს ჩემი მხარდაჭერა სჭირდებოდა, როდესაც იყო სასიკვდილო საფრთხე თბილისში, მე დავრჩი და მზად ვიყავი, ჩემი ქვეყნისთვის მოვმკვდარიყავი. როდესაც ჩემმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მას ახლა სჭირდება სხვა მთავრობა, იმ სხვა მთავრობას კი მკაფიო ვალდებულება ჰქონდა კონკრეტული ადამიანის - პუტინის წინაშე, რომელმაც ივანიშვილს ორი მილიარდი დოლარი მისცა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაზე...“
კითხვას, „ხომ არ გგონიათ, რომ ქართულ პოლიტიკაში დარჩენით, მეტი შანსი გექნებოდათ, ნელსონ მანდელა გამხდარიყავით?“, - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა: „ჩვენ არ ვართ ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვართ რეგიონულ პოლიტიკაში. ეს ომია“.
„ეს არ იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არჩევნები, სამწუხაროდ, ამ ომის გაგრძელება იყო, რადგან არჩევნების წინ მოაწყვეს სამხედრო მანევრები და თქვეს, რომ თუ სააკაშვილს არ გადაირჩევენ, შემოვალთ. ეს გზავნილი საქართველოში ბევრმა კარგად გაიგო. ეს არის ომი ჩვენი თავისუფლებისთვის და აქ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული - საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ცენტრალური აზია და სიტუაცია რუსეთის შიგნით. ამიტომ, სად მოვიტანდი მეტ სარგებელს - აქ, ფრონტის წინა ხაზზე, თუნდაც ოდესაში, ან კიევის მაიდანზე, თუ სადმე საკანში, ჩვენთან გამოგზავნილი პროვინციული რუსი ოლიგარქის პროვინციელ გამომძიებლებთან? თუ უკრაინა გადარჩა, თუ დაიწყებს რეფორმებს, წინ წაიწევს, ჩვენ ყველანი გადარჩენილები ვიქნებით. თუ უკრაინაში გაგრძელდება პრობლემები, ყველას საქმე ცუდად გვექნება. ბევრად უფრო ეფექტურად ვგრძნობ თავს იქ, სადაც ნამდვილი საქმე კეთდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.





