მთის სამინისტრო

დანელია: ახალი სამინისტროს შექმნის საჭიროებას ძლიერი არგუმენტაცია დასჭირდება

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტის შემცირებაზე, ახალი სამინისტროს გაჩენას ძლიერი არგუმენტაცია დასჭირდება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

დანელია ქართული ოცნების წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებას გამოეხმაურა. ჟორჟოლიანის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას აქვთ ინიციატივა, რომ შეიქმნას მთის მინისტრის პოსტი.

"ამ თემაზე ინფორმაციას არ ვფლობ. საინტერესო იქნებოდა არგუმენტაციები, რადგან დღეს არსებობს სამინისტროები და, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტის შემცირებაზე, დამატებით მინისტრის პორტფელის გაჩენა რამდენად მიზანშეწონილია, ამას ძალიან ძლიერი არგუმენტაცია დასჭირდება", - განაცხადა დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ ჟორჯოლიანის განცხადებით, უმრავლესობას იმედი აქვს, რომ მთავრობა მათ წინადადებას გაითვალისწინებს.

"ჩვენ გვაქვს ინიციატივა, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას მთის რეგიონების განვითარებისთვის. ის კოორდინირებას გაუწევს სხვადასხვა უწყებებს და ვფიქრობ, რომ მთავრობა წინადადებას გაითვალისწინებს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

 

კომენტარები