უკრაინა

სააკაშვილი: უკრაინაში პატრულის ჩამოყალიბებას დავაჩქარებთ

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სამოქმედო გეგმა პრესკონფერენციაზე წარადგინა. მისი თქმით, რეფორმები ოლქის რაიონის გამგებელთა თანამდებობებზე კონკურსის ჩატარებით დაიწყება. სააკაშვილმა ოლქის პოლიციის უფროსად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის დანიშვნა დაადასტურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტარიფებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად ოდესამ ის ტვირთები უნდა აითვისოს, რომლებიც ამჟამად რუსეთზე გადის.

"ოდესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აქტიურად, გაბედულად და სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომაც მაქვს 50-დღიანი, 100-დღიანი, 6-თვიანი პროგრამები და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა. პირველ რიგში, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვაპირებ, მოვინახულო ყველა რაიონი და ადამიანებს მოვუსმინო. გამოვაცხადებთ კონკურსს 26-ვე რაიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ყველას ვაფრთხილებ, თუ ვინმემ დამირეკა და მითხრა, ესა და ეს ჩვენი კაციაო, ასეთი კანდიდატი ავტომატურად დისკვალიფიცირებული იქნება. უკრაინაში ახალი ხალხი უნდა ვიპოვოთ. როგორც ვიცით, მთავარი პრობლემა საბაჟოა, მათ შორის პორტში. საბაჟოს უფროსის თანამდებობაზეც კონკურსი გამოცხადდება. დიდი პრობლემა მილიციაა. ველაპარაკე მინისტრ ავაკოვს და ეკა ზღულაძეს. ჩვენ დავაჩქარებთ პატრულის ჩამოყალიბებას, გარდა ამისა, იქნება ოლქის მილიციის ახალი ხელმძღვანელიც. ბევრი ფიქრისა და პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ მისი საქართველოდან იმპორტირების გადაწყვეტილება მივიღე, გამონაკლისის სახით, რადგან ყველა სხვას ჩვენ ადგილზე ვიპოვით", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები