საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ჩაიშალა, რადგან კვორუმი ვერ შედგა. უმრავლესობამ 76 დეპუტატის შეკრება დღეს 7-ჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. პარლამენტში იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები, თუმცა მათ რეგისტრაცია პროტესტის ნიშნად არ გაიარეს. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლება მათ აზრს არ ითვალისწინებს. ამასთან, ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წევრების განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ერთმანეთთან შეთანხმებული ჰქონდათ.

საპარლამენტო უმრავლესობაში 87 დეპუტატია, რაც კვორუმისთვის საკმარისზე მეტია. თუმცა, გედევან ფოფხაძის განცხადებით, უმრავლესობის 100%-იანი დასწრება თეორიულად წარმოუდგენელია, რადგან დეპუტატების ნაწილი მივლინებაშია. გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დღევანდელი ბოიკოტის მიზანი მთავრობის საქმიანობაში ხელის შეშლაა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის სხდომა იშლება. პარლამენტის მომდევნო სხდომა 12 ივნისისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები