თეორემა

შეტევა სასამართლო დამოუკიდებლობის უკანასკნელ ნარჩენებზე

ხელისუფლება ტრაგედიით სარგებლობს და ისედაც ნაკლოვან სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობის პერსპექტივას ართმევს - პრემიერმა და მისმა დამქაშებმა ჯიჰადი გამოაცხადეს დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტის, ნაფიცი მსაჯულების სისტემის წინააღმდეგ.

საბაბი ბატონი ოქროპირიძეა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ პროკურატურის, მოწმეების და მსხვერპლის დედის მტკიცებით უდანაშაულო ახალგაზრდა მოკლა და რომლის მიმართაც ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

საქმე ისაა, რომ ოქროპირიძეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს მრავალწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩიოდა. კრიმინალების მიმართ რომანტიკულ დამოკიდებულებაში შემჩნეული იუსტიციის მინისტრი ისე გაურიგდა სტრასბურგის სასამართლოს და დაპირდა ოქროპირიძის ციხიდან გამოშვებას, რომ წესიერად ვერც კი ახსნა, რა დარღვევა ჩაიდინა მის მიმართ სახელმწიფომ და შეასრულა კიდეც დაპირება.

შედეგად მივიღეთ ის, რომ პროკურატურის მტკიცებით, წულუკიანის ინიციატივით გათავისუფლებულმა ადამიანმა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რასაკვირველია პასუხისმგებლობას ხელისუფლება საკუთარ თავზე არ იღებს. უფრო მეტიც - ის ცდილობს ამ ტრაგედიიდან სარგებელი ნახოს და სასამართლოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეზღუდოს.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს დაქვემდებარებულ პროკურატურას არ შესწევს უნარი 12 მსაჯულს დაუმტკიცოს განსასჯელის ბრალი. მას მოსამართლეზე ზეწოლა და მასთან გარიგება უფრო ეიოლება. ამიტომ ივანიშვილის მარიონეტების გუნდი ამტკიცებს, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა კრახი განიცადა და უნდა გაუქმდეს. თითქოს ჩვენს მართლმსაჯულებას მოსამართლეების მიერ გათავისუფლებული მკვლელები არ ახსოვს.

ბევრი ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მიუღებლობას იმით ხსნის, რომ საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს, თითქოს 12 მსაჯულთან უფრო იოლია საერთო ნაცნობის პოვნა, ვიდრე ერთ მოსამართლესთან.

ყველაზე ხმადაბლა ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად იყო მომზადებული პროკურატურა ბრალის დასამტკიცებლად.

ის, რომ ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლის გზით მიდის, იმ საკანონმდებლო ინიციატივითაც დასტურდება, რაც მოსამართლის ინსპექტირების ინსტიტუტის შემოღებას გულისხმობს.

ამ ინიციატივამ მოსამართლეების აღშფოთება გამოიწვია - ისინი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს დაუპირისპირდნენ. თუმცა ყველაზე მეტად ვინც ხმაურობდა, მალევე ჩაწყნარდა - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას მტკიცებით, მათი ჩაწყნარება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უკავშირდება. როგორც ალასანია ამტკიცებს, ივანიშვილმა რამდენიმე მოსამართლესთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, სადაც მათ ინსპექციის თავიდან აცილებას და პოსტების შენარჩუნებას დაპირდა იმის სანაცვლოდ, რომ პოლიტიკური ოპონენტების საქმეებზე ივანიშვილის მოსაწონ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ.

ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.

სასამართლო დამოუკიდებლობის ისედაც შეზღუდული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო შეზღუდვის მცდელობებზე ვსაუბრობთ თეორემაში.

კომენტარები