სასამართლო სისტემა

ალასანია: დაგეგმილი ცვლილებების შეჩერების შემდეგ, ჩემი ეჭვი საფუძვლიანია

ტაბულა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მის ეჭვს ამყარებს ის, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მართლაც შეჩერდა და პარლამენტს სხვა სახით გაეგზავნება. ალასანიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს უპასუხა.

"შევიდნენ ურთიერთსასარგებლო გარიგებაში სასამართლოსთან, რომ სააპელაციო სასამართლოს შეაცვლევინონ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი ეჭვი, რომელიც აბსოლუტურად საფუძვლიანია მას მერე, რაც უკვე დადასტურდა ის, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შეცვლილია, 180-გრადუსიანი შემოტრიალება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ეს არის სირცხვილი, ეს არის პირდაპირ ჩარევა მართლმსაჯულებაში. ვინც ამაში ჩართულია, მომავალში სამაგალითოდ დაისჯება", - თქვა ალასანიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გუშინდელი განცხადება სასამართლოზე ზეწოლაა. მურუსიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ჩართვისას თქვა, რომ მოსამართლეები ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრიან. მისივე განცხადებით, საერთო სასამართლოების კანონში დაგეგმილი ცვლილებები ნინო გვენეტაძისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრის შემდეგ შეჩერდა.

"ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა მოახდინო სასამართლოზე ზეწოლა. ე.წ. კაბელების საქმის კანონპროექტთან დაკავშირება აბსოლუტურად გამორიცხულია. მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებდა, რომ ეს კანონი იყო არაკონსტიტუციური, ამას ადასტურებდა ვენეციის კომისიაც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, შემდეგ ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა უშუალოდ კონსულტაცია ქალბატონ იუსტიციის მინისტრთან, გააცნო სასამართლოს პოზიცია და აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილებები სხვა სახით შევა პარლამენტში. მე პირდაპირ ვიძახი, რომ ბატონი ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მას არ აქვს მტკიცებულებები, არის მტკიცებულებების შეგროვების პროცესში, და უბრალოდ მას აქვს ინფორმაცია, არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ მას სურს იმ საქმეზე, რომელზეც არ არის საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილი, მოახდინოს ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს არ შევხვედრივართ. ირაკლი ალასანიას განცხადებას განვიხილავთ ზეწოლად სასამართლოზე. ამას ადასტურებს ის შემთხვევაც, რომ დასახელებული იყო კონკრეტული მოსამართლის გვარი, ვისაც სავარაუდოდ უნდა დაეწეროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული საქმე, და ეს არის აბსოლუტურად კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მოსამართლეს საიდუმლოდ შეხვდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ე.წ. კაბელების საქმეზე, ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეხვედრა პარასკევ საღამოს გაიმართა და მას სამი მოსამართლე ესწრებოდა - ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ცვლილებაზე, რომელიც 25 რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეების მიერ ავტომატურად პოსტის დატოვებას ეხებოდა. შეთანხმების თანახმად, ეს ცვლილება აღარ განხორციელდება.

 

კომენტარები