გიორგი ოქროპირიძე

2014 წელს გიორგი ოქროპირიძე ხელისუფლებამ მორიგების შედეგად გაათავისუფლა

შსს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე, ვის გამოც შესაძლოა, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გაუქმდეს, 2014 წელს თავად ხელისუფლების მიერ გათავისუფლდა. მას ჯერ ამნისტია შეეხო, შემდეგ კი პრეზიდენტმა შეიწყალა.

გიორგი ოქროპირიძემ, რომელიც 2010 წელს განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2011 წლის აპრილში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 2014 წლის 4 აპრილს ევროსასამართლომ იუსტიციის სამინისტროსაგან მორიგების წინადადება მიიღო, სადაც გამოხატული იყო მთავრობის მზადყოფნა ოქროპირიძის ვადამდე ადრე - 2014 წლის აპრილის ბოლომდე - გათავისუფლების შესახებ.

ევროსასამართლოს ინფორმაციით, 2014 წლის 8 მაისს ხელისუფლებამ შეატყობინა სასამართლოს, რომ 2014 წლის 18 აპრილს განმცხადებელი გიორგი ოქროპირიძე ციხიდან გაათავისუფლეს. ლაშა მახარაძე კი 2014 წლის 2 სექტემბერს მოკლეს.

ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს, 12:00-ზე ჩანიშნა. საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობაც ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა საქართველოში სრული კრახი განიცადა. ინსტიტუტს მხარს არ უჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც.

დღეს საქართველოს პროკურატურამ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარუდგინა.

კომენტარები