გიორგი ოქროპირიძე

პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც 25 სექტემბერს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით. მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა ათეულობით მოწმე. მათ შორის როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე პატიმრები. ჩატარდა ექსპერტიზები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და განხორციელდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ.ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ.ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან.

ბრალდებულის პიროვნების, მიმალვის საფრთხის და ნასამართლობის გათვალისწინებით, მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით პროკურატურა უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს გ.ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის მოთხოვნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს, 12:00-ზე ჩანიშნა. საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობაც ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

კომენტარები