რეკლამა

IFC საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს. ეს ინვესტიცია საქართველოს ბანკს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

IFC-ის 10-წლიანი სუბორდინირებული სესხი მიზნად ისახავს ფინანსური მომსახურების გაფართოებას საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დაფინანსების შედეგად მოსალოდნელია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდა. საქართველოს ბანკმა 90-მილიონიანი სესხიდან 20 მილიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის შექმნილი ევროპული ფონდიდან (EFSE) მოიზიდა. 

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა წარმატებით დაასრულა მისი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაფინანსების გარიგება. ხსენებული სუბორდინირებული სესხი კიდევ უფრო გააუმჯობესებს მთლიანად ბანკის კაპიტალიზაციას და ხელს შეუწყობს ბანკის შემდგომ ზრდას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს, IFC-ის, მუდმივი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა. 

ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს საქართველოს ბანკს, მიიზიდოს კიდევ უფრო მეტი კლიენტი ამ სფეროდან. პროექტი ასევე დაეხმარება ბანკს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობასა და საცალო საბანკო მომსახურების ზრდას.

"ეს სესხი ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკს, დააფინანსოს კიდევ უფრო მეტი მცირე საწარმო საქართველოში. სწორედ კერძო სექტორი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალას, მაგრამ ხშირად მას ნაკლებად მიუწვდება ხელი კაპიტალზე, რომელიც მას გაფართოების საშუალებას მისცემს", - განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა. მისივე შეფასებით, "ეს პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ჩვენი სტრატეგიის განხორციელების გზაზე. ამ სტრატეგიის ერთი ნაწილი საფინანსო სექტორის მხარდაჭერის მიზნით პარტნიორების რესურსების მობილიზებას ითვალისწინებს, რაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას და სიღარიბის დონის შემცირებას შეუწყობს ხელს".

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 665 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 51 პროექტში. ამ თანხიდან 272 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 292 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. IFC საქართველოში ასევე ახორციელებს საკონსულტაციო პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.

კომენტარები