სამომხმარებლო ბაზარი

მაისში ინფლაცია გაიზარდა და 3.5% გახდა

www.zonanews.ge

2015 წლის მაისში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციამ 3.5% შეადგინა, რაც ჯერჯერობით 2015 წლის ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

საქსტატის მონაცემებით, 3.9%-ით გაძვირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი. ამ ჯგუფში ფასების ზრდამ ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1.19%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა ხილსა და ყურძენზე - 27%. ასევე, ზეთისა და ცხიმის ქვეჯგუფზე - 9.1%. 

6.6%-ით გაიზარდა ფასები ჯანმრთელობის დაცვის სექტორზე, სადაც ყველაზე მეტად - 13%-ით ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ღირებულება კი 4.9%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის აპრილის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში ფასების ზრდა იმით არის განპირობებული, რომ მედიკამენტებისა და აპარატურის დიდი წილი იმპორტირებულია. 

11.9%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი. აქედან თამბაქოს ნაწარმი 10.4%-ით გაძვირდა. ამ ჯგუფში ფასების მატება სახელმწიფოს მხრიდან აქციზის გადასახადის მატებას უკავშირდება. 

აღსანიშნავია ფასების კლება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ტრანსპორტი -3.5%, სადაც ფასების კლება წინა წელთან შედარებით შემცირებულმა საწვავის ფასმა გამოიწვია. საქსტატის ცნობით, წინა წელთან შედარებით საშუალოდ 5%-ით უფრო იაფად არის შესაძლებელი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა.

კომენტარები