ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: ვიღაცამ შეიძლება ვიღაც გადაიბიროს, ან ვიღაცამ რაღაცით გაწიოს

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თანაგუნდელების, მათ შორის ენმ-ს აღმასრულებელი მდივნის პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში გააკეთა. სააკაშვილმა რამდენჯერმე ახსენა "პოლიტიკური თამაში" და "გადაბირება", თუმცა წამყვანის დამაზუსტებელ კითხვას, მიაჩნდა თუ არა მას ენმ-დან წასული პირები გადაბირებულებად, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის სპეკულაციებს არ აპირებს და რომ ის "ამას არ ამბობს".

"ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, რომ ვილაპარაკოთ რა გვთიშავს. აი ეროზია, აი დაშლა, აი გაქცევ-გამოქცევა, იქ ერთი მეორეს მოღალატეს უწოდებს... სინამდვილეში უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა გვაერთიანებს. რამ შეიძლება გაგვაერთიანოს, რამ შეიძლება ერთად შეგვკრას, ამხელა გამოწვევები გვაქვს. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ საქართველოში აუცილებლად წავა გაერთიანების პროცესი, ეროვნული კონსოლიდაცია, ამის ყველა ნიშანს ვხედავ უკვე, ამ დაბნეულობის ფონზე. რა თქმა უნდა ახლა, ზოგი წავა, ზოგი მოვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით ძალიან ჯანსაღი პროცესი მიდის ქვეყანაში. საქართველოს ხალხი იწყებს გამაერთიანებელი იდეის ხორცშესხმას, გაერთიანებას და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ყველანაირი პოლიტიკური თამაშები.

ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. მე რაც ამ საქმეში ვარ, სულ ვცვლი გუნდს, ნაწილობრივ ვაახლებ, ზოგი თვითონ მიდის, ბევრად მეტი ყოველთვის მოდის. ცოცხალი ორგანიზმია ეს, ცოცხალ ორგანიზმში რაღაც უჯრედები ქრებიან, რაღაც უჯრედები ემატებიან, მაგრამ ორგანიზმი იზრდება. ჯერ-ჯერობით ჩვენ ვართ ზრდის მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშებს, რა თქმა უნდა მთავრობამ შეიძლება ითამაშოს და სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა პოლიტიკური თამაში, რა თქმა უნდა ვიღაცამ შეიძლება ვიღაცა გადაიბიროს, ან ვიღაცამ რაღაცით გაწიოს...

არა, მე არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ქართველ ხალხს ვეღარასდროს ვერაფრით ვერ გადაიბირებს. 2012 წელს ამ ხალხს დაპირდნენ კონკრეტულ რაღაცას და ეს კონკრეტული რაღაც არ შეასრულეს. მეორეჯერ ხალხი ბრძენია და არც თავს მოატყუებინებს, არც არავის თავს არ გადააბირებინებს და ახლა მთავარი ეს არის, მე ამაზე ვარ კონცენტრირებული და არა იმაზე, ღიად თუ კულისებში ვინ რაღაცას თამაშობს და ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ხალხი სწორი მიმართულებით მიდის, იდეა კონსოლიდაციისკენ მიდის, ამ იდეას უნდა ხორცშსესხმა და სიამოვნებით ვიქნები ამის ნაწილი.

მე ნამდვილად არ მინდა სპეკულირება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მორჩა ლაპარაკი გათიშვაზე და დაყოფაზე, მე არ ვაპირებ გათიშვაზე და დაყოფაზე ლაპარაკს. არც გავთიშავ არავის არც დავყოფ არავის. მეც მქონდა ხოლმე შეცდომები ცხოვრებაში როცა რადიკალური ვიყავი ამ მიმართულებით, ვიღაცებს მკვეთრად ვწევდი ხოლმე გვერდზე, თუ ადამიანი არის საქართველოს მხარეს, რა შეხედულებებისაც არ უნდა იყოს, თუ ღიად მტერზე არ მუშაობს, იქ მე ვერავის ვერ დავყოფ და ვერ გავთიშავ, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ვერ გავთიშავ ვერც პარტიული ნიშნით, ვერც ახლობრული და მეგობრული ნიშნით. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვინმე გავყოთ და გავთიშოთ, ეს არის და ეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები