სააკაშვილი უკრაინაში

ბერძენიშვილი: სააკაშვილმა მოქალაქეობა გაცვალა სხვა ქვეყნის ჩინოვნიკობაზე

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები არ გამოვირჩევით ძალიან მკვახე შეფასებებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი შეფასებები იყოს პოლიტკორექტული, იძულებული ვარ ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ყველაზე სამარცხვინო ადამიანი, ვისაც ოდესმე ხელში ჭერია საქართველოს მოქალაქის პასპორტი. არ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტად მუშაობდე კაცი ათი წლის განმავლობაში - ერთხელ არჩეული ნამდვილად, დიდი იმედებით ქართველი ხალხის მიერ. მეორეჯერ - მიტაცებული მანდატით, მაგრამ მუშაობდე პრეზიდენტად და საქართველოს მოქალაქეობა გაცვალო სხვა ქვეყნის ჩინოვნიკობაზე. მე მხოლოდ ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო და ძალიან თავს ვიკავებ, მეტი რომ არ ვთქვა. იმიტომ, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი ქვეყნის მიმართ. მე არ მადარდებს მის მიმართ დამოკიდებულება, მე არ მსიამოვნებს, რომ საქართველოზე შეიქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ უცნაური ქვეყანაა... ვიღაცებში - ქვეყნის გარეთ... ეს არ იქნება მასობრივი, მაგრამ ვიღაცები ჩათვლიან, რომ ეს რაღაც ძალიან უცნაური ქვეყანაა, რომლის რეფორმატორად მიჩნეული პრეზიდენტი ჩინოვნიკი ხდება სხვა ქვეყანაში, საკუთარი ქვეყნის მიმართ ზურგით დგება. არავითარი სხვა ახსნა ამას არ აქვს. მე ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სამუზეუმო ექსპონატი, ძალიან ღიმილისმომგვრელი სამუზეუმო ექსპონატია.

განაცხადა რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნაზე.

კომენტარები