უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტს მიმართა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის თხოვნით, - ეს ცნობა, სააგენტო ინტერფაქს უკრაინას ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვალერი ჩალიმ დაადასტურა.
ცნობა სააკაშვილის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. თავდაპირველად იგორ შევჩენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სააკაშვილი ამ თანამდებობაზე უკვე დაინიშნა.
თუმცა, მოგვიანებით უზუსტობისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზდენტი მიიღებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია ამ დანიშვნის შესახებ არ გამოქვეყნებულა, ეს ცნობა ასევე ჯერჯერობით არ დაუდასტურებია თავად მიხეილ სააკაშვილს.
მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ თებერვალში დაინიშნა.





