პრეზიდენტის რეზიდენცია

კოჟორიძე: პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას

კახა კოჟორიძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას. 

"პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას. პრეზიდენტს თავის დროზე რომ გაეკეთებინა განცხადება, რომ "მოვიფიქრებ და გადავწყვეტ", მაშინ ჩემთვის გასაგები იქნებოდა ამ თემის ხელახლა წამოწევა, მაგრამ პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა თავისი პოზიცია, რომელიც არაერთხელ იქნა გამოთქმული. ჩვენ დამატებით კომენტირებას არ ვაპირებთ", - განაცხადა კოჟორიძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს". ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მთავრობა "მკვეთრ მოქმედებას" ვერ გააკეთებს. 

"ეს შენობა მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის, რისთვისაც 26 მილიონი დაიხარჯა. თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა მას საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა მართლაც მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და ჩვენ მთავრობა რაიმე მკვეთრ მოქმედებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მით უმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით, ასე რომ, იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები