ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჩერგოლეიშვილი: პოლიტიკოსი ძალას უნდა ასხივებდეს და არა - უძალობას

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასული დეპუტატები ამომრჩევლისთვის პოლიტიკურად მიმზიდველები ვერ გახდებიან. როგორც ჩერგოლეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში აღნიშნა, შესაძლოა, ეს სწორი შეხედულებების მქონე ადამიანები პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრნენ, რაც სამწუხარო იქნება.

"აღმასრულებელი მდივანი მიდის პოსტიდან ფაქტობრივად უბრძოლველად, იმიტომ, რომ პარტიის რაღაც შიდა პრობლემები ვერ მოაგვარა. ამომრჩევლისთვის მიმზიდველი ხდება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალას ასხივებს და არა უძალობას. ახლა, როცა აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ჩემს პარტიაში პრობლემები ვერ მოვაგვარე, უთანხმოება ვერ დავალაგე და წამოვედი, ამომრჩეველი რატომ უნდა ენდოს მას? რატომ უნდა გადაწყვიტოს, რომ ის მის პრობლემებს მოაგვარებს? მე ეს აბსურდი მგონია და, შესაბამისად, ძალიან ვშიშობ, რომ სწორი შეხედულებების მქონე ადამიანები, თუნდაც სუსტი ნებისყოფის, მაგრამ სწორი შეხედულებების ადამიანები შესაძლოა პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრნენ 2016 წლისთვის და ეს ძალიან სამწუხარო იქნება", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა ტაბულას დირექტორს ჰკითხა, მისი აზრით, თუ დატოვებენ ენმ-ს სხვა წევრებიც. თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ზუსტ პროგნოზს ვერ გააკეთებს, თუმცა, ფიქრობს, რომ ამის წინაპირობა არ არსებობს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ტალღა ამით დასრულებულია და რეალურად, არ ველი იმას, რომ ვინმე ნაციონალური მოძრაობიდან წავა, თუმცა, მე არ ვარ პარტიის წევრი, შესაბამისად, გარედან ვაკვირდები პროცესებს და ცხადია, ზუსტ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. დღეს მე არ მიმაჩნია, რომ ასე მოხდება და ამის წინაპირობა არსებობს", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

არჩევანის წამყვანმა მას ასევე ჰკითხა, ვისთან შეიძლება გაერთიანდნენ ენმ-დან წასული დეპუტატები.

"ცალკე ბრძოლის შემთხვევაში მათ ძალიან მცირე შანსი აქვთ ბარიერის გადალახვის და არ ვიცი, ვისთან შეიძლება გაერთიანდნენ. ვერ ვიტყვი... ზოგადად კი, საქართველოში, თუ ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე არ ამოაგდო კალაპოტიდან პოლიტიკური პროცესები, მოდის კოალიციური მთავრობების დრო. დიდი შანსია, პოლიტიკურ ძალას, რომელიც პირველ ადგილზე გავა, არ ეყოს ხმები მთავრობის ფორმირებისთვის და დასჭირდეს კოალიციის შეკვრა სხვა პროდასავლურ ძალებთან, რომლებსაც შესაძლოა პროდასავლურ ნაწილში ეთანხმებოდნენ, მაგრამ სხვა შეხედულებებში ჰქონდეთ უთანხმოება. და კარგი იქნება, თუ ზურა ჯაფარიძე და პავლე კუბლაშვილი უთანხმოებების დაძლევას და მასთან გამკლავებას ისწავლიან ამ წელიწად-ნახევარში, რადგან შესაძლოა მათ მოღვაწეობა მოუწიოთ კოალიციურ მთავრობში", - თქვა ჩერგოლეიშვილმა. 

ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გუშინ დატოვეს. ისინი მიზეზებზე ხვალ ისაუბრებენ.

კომენტარები