საბანკო სექტორი

ხაზარაძე: 24 წელია საბანკო სფეროში ვარ და ასეთი განცხადებები პირველად მესმის

forbes.ge

თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის თქმით, საბანკო სექტორის მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმული ბრალდებები საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, რადგანაც თუკი ბანკების რეპუტაცია შეირყევა, შეირყევა მთელი ქართული ეკონომიკა. "24 წელია ამ სფეროში ვარ და სიმართლე გითხრათ, ბანკებზე ასეთი განცხადებებიც პირველად მესმის", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში. 

"კომერციული ბანკები საქართველოში არსებული კანონის შესაბამისად მოქმედებენ. კომერციული ბანკი ასრულებს იმ ტრანზაქციებს, რომელთაც მას კლიენტი უკვეთს - იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ასევე მოვისმინე მოსაზრება, დაკავშირებული ბანკების შეთქმულების თეორიასთან. ლარის კურსის გაუფასურებამ ჩვენი ბანკის ინვესტორებს 250 მილიონი დოლარი დააკარგვინა. საუბარი მაქვს აქციონერებზე, ვინც შარშან შემოუერთდნენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების განთავსებას. მეორე მხრივ, ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ იწვევს საკრედიტო პორტფელის გაფუჭებას და აისახება ბანკის როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან მომგებიანობაზე. ხდება სესხების რესტრუქტურიზაცია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებენ იმ სესხის დაფარვას, რომელიც, მაგალითად, დოლარში ჰქონდათ აღებული. ამიტომ ნებისმიერი ასეთი განცხადება საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი თავის მტრები ვართ, მათ შორის, ბანკის ყველა აქციონერი და თანამშრომელი. ვფიქრობ, ეს უფრო ვიღაცის გულის მოსაგებად გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებია და საბოლოოდ დარტყმას აყენებს უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ რამეს, რასაც ქართული ეკონომიკა ჰქვია".

მამუკა ხაზარაძემ სავალუტო რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, აზერბაიჯანმა დაახლოებით $3 მილიარდი დახარჯა, თუმცა ამით ეროვნული ვალუტის გაუფასურება მაინც ვერ შეაჩერა. "აზერბაიჯანში ვიყავი და დეტალურად ვიცი, რა მოხდა იქ. ეროვნული ვალუტის გასამყარებლად აზერბაიჯანმა დიდი ინტერვენცია მოახდინა, 3 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მთლიანად ჩვენი სავალუტო რეზერვების ტოლია და შედეგი მაინც ვერ მიიღო. 3 მილიარდი დოლარი, ფაქტობრივად, ერთ დღეში დაიკარგა. ამიტომ, როცა რომელიმე ექსპერტი ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები უნდა დაეხარჯა და ამით შეეჩერებინა ლარის კურსის ვარდნა, ეს უბრალოდ საკითხის არცოდნაა. ლარისა და ნებისმიერი ვალუტის კურსი კომპლექსური გარემოებების შედეგია".

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, რომლის მიხედვითაც საბანკო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკიდან გამოვა. მეჭიაურის ინიციატივა საქართველოში მოღვაწე ბიზნესასოციაციებმა უარყოფითად უკვე შეაფასეს.

კომენტარები