ლარის გაუფასურება

ლარის სამდღიანი გამყარება დღეს ისევ გაუფასურებამ შეცვალა

ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. სამდღიანი გამყარება დღეს ისევ გაუფასურებამ შეცვალა, აშშ დოლართან მიმართებით ლარი 2 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი დოლარი 2.2773 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 3 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.5478 ლარი ეღირება. გასული სამი დღის მანძილზე ლარი დოლართან 11 თეთრით, ევროსთან კი 17 თეთრით გამყარდა. უკანასკნელ გამყარებას მთავრობის წარმომადგენლები და ეკონომისტები ტურისტული სეზონის გაძლიერებას უკავშირებდნენ.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. განვლილი თვეების მანძილზე ტურიზმი მცირდებოდა, თუმცა აპრილიდან მისი უმნიშვნელო 0.4%-იანი მატება შეინიშნება. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 26%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას არ ელოდება. ქადაგიძე აქვე ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარი მაინც შეიძლება გაუფასურდეს, რადგანაც მოკლევადიან პერიოდში მასზე კიდევ სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები