რუსული პროპაგანდა

ჩერგოლეიშვილი: ევროკავშირი რუსული პროპაგანდის საფრთხეს აცნობიერებს

თამარ ჩერგოლეიშვილი
Khatuna Khutsishvili / Forbes

ევროკავშირი რუსული პროპაგანდის საფრთხეს აცნობიერებს, - ამის შესახებ ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა. გადაცემა თეორემაში ჩართვისას მან რიგის სამიტის ფარგლებში გამართული მედიაკონფერენციის შესახებ ისაუბრა, რომლის მთავარი თემა რუსული პროპაგანდა და მასთან ბრძოლის შესაძლო გზები იყო.

„აშკარად იგრძნობა, რომ რუსული რბილი ძალის საფრთხის აღქმა ევროპაში გაძლიერებულია. საუბარი იყო არა მხოლოდ იმაზე, როგორ გავუმკლავდეთ რუსულ პროპაგანდას, არამედ რუსულენოვანი პროპაგანდის გავლენით წარმოებულ პროპაგანდას ადგილობრივ ენებზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, კონფერენციაზე იყო საუბარი იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა სიტუაციის გამოსასწორებლად.

„შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მონაწილეები აღიარებდნენ, რომ აქამდე ფული მედიაში არასწორი მიმართულებით იხარჯებოდა. გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უფრო მეტად უნდა დაფინანსდეს შინაარსი და ისეთი ტიპის მედიაპროდუქტები, რომლებიც ეკონომიკურად და ფინანსურად მდგრადები ვერ იქნებიან", - აღნიშნა ტაბულას გენერალურმა დირექტორმა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, მთავარი ისაა, რომ ევროკავშირში რუსულ პროპაგანდას საფრთხედ აღიქვამენ და ეძებენ გზებს, თუ რა შეიძლება მას დაუპირისპირონ, სიტყვის თავისუფლების შენარჩუნების პირობებში.

კომენტარები