ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს

Reuters

ევროკავშირი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში 2 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირებას გეგმავს. დღეს რიგაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმზე, ევროკომისიამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ფარგლებში მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის საკითხი წარადგინა.

"მომდევნო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ევროს ოდენობის გრანტები გამოიყოფა. მოსალოდნელია, რომ ეს კონტრიბუცია იქნება ახალი ინვესტიციების დასაწყისი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის, რაც საბოლოო ჯამში 2 მილიარდ ევროს შეადგენს. ინვესტიციები მეტწილად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოიყოფა", - წერია ევროკომისიის ვებგვერდზე.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი თვლის, რომ 2 მილიარდის ინვესტიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკას კონკურენტუნარიანს გახდის.

"ევროკომისია გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ხელი შეუწყოს სავაჭრო კავშირების განვითარებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები სწორი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირსა და მის შიდა ბაზარს დაუახლოვდნენ. 2 მილიარდი ევრო ის ინვესტიციაა, რომელიც ამ ქვეყნების ეკონომიკას კონკურენტუნარიანს გახდის და ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებში ინვესტირებას, რაც მეტ სამუშაო ადგილს შექმნის", - თქვა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ევროკომისარი გაფართოებასა და სამეზობლო საკითხებში იოჰანეს ჰანი კი მიიჩნევს, რომ ეს დახმარება არის კონკრეტული მაგალითი ევროკავშირის ძალისხმევის, დაამყაროს ახლო ეკონომიკური ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან.

"მცირე ბიზნესები არის სასიცოცხლო თანამედროვე ეკონომიკებისთვის, ეკონომიკისა და სამუშაო ადგილებიზ ზრდის მთავარი მამოძრავებელი. ეს დახმარება არის ხელშესახები მხარდაჭერა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ბიზნესებისთვის, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს და დაეხმარება ასოცირების შეთანხმების შედეგად სარგებლის მიღებასა და ახალ ბაზრებზე გასვლაში. ეს არის კონკრეტული მაგალითი ევროკავშირის ძალისხმევის და ჩვენი გადაწყვეტილებისა, დავამყაროთ ახლო ეკონომიკური ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან", - თქვა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები