ვიზალიბერალიზაცია

ტუსკი: საქართველომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან შესაძლოა 2016 წელს მიიღოს

wiwo.de

საქართველომ და უკრაინამ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან შესაძლოა 2016 წელს მიიღონ, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის წევრობის გარანტია არასდროს ყოფილა, თუმცა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ უფლება, ევროპული ოცნება ჰქონდეთ.

"ყველაფერი ამ ქვეყნების ძალისხმევასა და მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ფორმალური დაპირება. ჩვენ პროცესის შუაში ვართ, მაგრამ ორივე ქვეყნის, საქართველოს და უკრაინის პროგრესი, რეალურად იმედისმომცემია. შემდეგი შეფასება შესაძლოა ნოემბერში ჩატარდეს და თუ პროგრესი ასეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორც დღეს, 2016 წელს ეს შესაძლებელი იქნება", - თქვა ტუსკმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში ხვალ იწყება. საქართველოს პრემიერმინისტრი ლატვიაში უკვე გაემგზავრა. ის სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და სამიტის პლენარულ სესიაზე სიტყვითაც გამოვა. ლატვიაშია საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც იქ ბრიუსელიდან გაემგზავრა. თამარ ბერუჩაშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა.

რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის შეთავაზებები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ მწირი იქნება და ეს, სავარაუდოდ, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხსაც შეეხება, თუმცა ბერუჩაშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი.

სავიზო რეჟიმის ლიბერაზაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესის გარდა, საქართველო იმედოვნებს, რომ რიგის სამიტზე ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდება - სწორედ ეს იმედი იყო გამოთქმული საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივ წერილში, რომლითაც ქვეყნის უმაღლესმა პირებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს მიმართეს. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ დასავლურმა მედიამ რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტი მოიპოვა. რადიო თავისუფლება წერდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის აღიარების ნაცვლად, რასაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იმედოვნებენ, დეკლარაციის პროექტში საუბარია მხოლოდ "თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებაზე", თავისუფლად აირჩიოს ევროკავშირთან ურთიერთობაში ამბიციის დონე და მიზანი. REUTERS-ი კი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან შეთავაზებების სიმწირე კრემლის გაღიზიანების შიშით არის გამოწვეული.

რიგის სამიტი 22 მაისს დასრულდება.

კომენტარები