ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზეთში ხრულიოვის დანიშვნა რუსული „ტრადიციის“ გაგრძელებაა - მიმოხილვა

u-96.livejournal.com

აფხაზური ე. წ. გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე რუსული 58-ე არმიის ყოფილი სარდლის, გენერალ ხრულიოვის დანიშვნით დადასტურდა, რომ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის" აღიარების მიუხედავად, მოსკოვმა აფხაზური შეირაღებული ძალების პირველი სამხედრო პირის დანიშვნის უფლება და, შესაბამისად, მათზე კონტროლი კვლავ შეინარჩუნა. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც სამოქალაქო საინფორმაციო ჯგუფი აქვეყნებს.

ცნობა აფხაზეთის ე. წ. გენშტაბის უფროსად გენერალ-ლეიტენანტ ანატოლი ხრულიოვის დანიშვნის შესახებ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ხრულიოვთან შეხვედრისას რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, სოხუმის ამოცანა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განმტკიცებაა.

„ჩვენი არმია მცირეა, მაგრამ მძიმე საომარ პირობებში, როდესაც მისი ფორმირება მიმდინარეობდა, თავისი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. დღეს სხვა დროა და ჩვენ ახალ ამოცანებს ვაყენებთ, მათ შორის, რუსეთთან სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით. თქვენი ცოდნისა და გამოცდილებს იმედი გვაქვს", - მიმართა რუს გენერალს რაულ ხაჯიმბამ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გენერალი ანატოლი ხრულიოვი 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს რუსეთის 58-ე არმიას მეთაურობდა, რომელმაც ამ ომში მთავარი როლი შეასრულა. 2008 წლის 9 აგვისტოს იგი პირადად ხელმძღვანელობდა 58-ე არმიის საშტაბო კოლონას, რომელიც ერთი ბატალიონის შემადგენლობით ცხინვალში შევიდა. ბატალიონის ამოცანა ცხინვალის სამხრეთით, „ვერხნი გოროდოკში" განლაგებული რუსული სამშვიდობო ქვედანაყოფის დებლოკირება და მასთან შეერთება იყო. ცხინვალში შესული კოლონა მოულოდნელად მე-2 ბრიგადის სადაზვერვო ასეულს წააწყდა, რომელიც მასთან ბრძოლაში ჩაება. ბრძოლაში საქართველოს შეიარაღებული ძილების მაშველი ძალების ჩართვის შემდეგ, რუსულმა კოლონამ დანაკარგებით უკან დაიხია. თავად არმიის მეთაური გენერალი ხრულიოვი მძიმედ დაიჭრა, იგი ვლადიკავკაზში გადაიყვანეს და შემდგომი საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანელობაში მონაწილეობა აღარ მიუღია.

ომში მონაწილეობისთვის ხრულიოვი მოგვიანებთ არასაბრძოლო ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, 2010 წელს იგი თანამდებობიდან გადააყენეს და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. რის შემდეგაც, როგორც ხრულიოვი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, იგი ჩვეულებრივი პენსიონერის ცხოვრებით ცხოვრობდა.

თუ იმას წარმოვიდგენთ, რომ აფხაზური გენერალური შტაბის უფროსის კანდიდატურას თავად სეპარატისტული ხელისუფლება ირჩევს, ძნელი დასაჯერებელია, უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე ამგვარი არცთუ წარმატებული საბრძოლო გამოცდილების ოფიცრის დანიშვნის გადაწყვეტილება მიეღო.

ფაქტია, რომ 2004 წლიდან აფხაზური გენშტაბის უფროსის თანამდებობას რუსეთიდან გამოგზავნილი „გადამდგარი" იფიცრები იკავებენ, რომლებსაც მანამდე აფხაზეთთან შეხება არ ჰქონიათ. ხრულიოვის წინამორბედი ამ პოსტზე გენერალ-მაიორი ვლადიმირ ვასილჩენკო იყო, რომელიც მანამდე ციმბირის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2004-2010 წლებში კი აფხაზურ გენშტაბს ზაბაიკალიეს სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ზაიცევი ხელმძღვანელობდა.

ხრულიოვის დანიშვნით დადასტურდა, რომ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის" აღიარების მიუხედავად, მოსკოვმა აფხაზური შეირაღებული ძალების პირველი სამხედრო პირის დანიშვნის უფლება და, შესაბამისად, მათზე კონტროლი კვლავ დაიტოვა.

ამ დანიშვნას წინ უძღოდა რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 მაისს, რომელიც საკმაოდ მოულოდნელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და მარიონეტული რეჟიმის ლიდერის წინა შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე - 9 მაისს მოსკოვში შედგა, სადაც ხაჯიმბა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იყო მიწვეული.

ოფიციალური ინფორმაციით, პუტინ-ხაჯიმბას შეხვედრა პუტინის სოჭის რეზიდენციაში ე. წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას მიეძღვნა, რომელსაც ხელი გასული წლის ნოემბერში მოეწერა.

როგორც შეხვედრაზე ხაჯიმბამ განაცხადა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავდაცვისა და საზღვრის დაცვის შეთანხმებების მომზადებაზე. შესაძლოა, ახალი გენშტაბის უფროსის დანიშვნა სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა.

რუსეთთან „ხელშეკრულების" მომზადების პროცესში სოხუმმა შეცვალა მოსკოვის მიერ შემოთავაზებული დებულება, რომელიც მთელი აფხაზური შეიარაღებული ძალების „ერთობლივ დაჯგუფებაში" შესვლას ითვალისწინებდა, რუსეთიდან დანიშნული სარდლის მეთაურობით. რაც, ფაქტობრივად, მათ გაუქმებას ნიშნავდა. საბოლოოდ, მოსკოვმა სოხუმის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი მიიღო, რომლის თანახმად, ერთობლივ დაჯგუფებაში აფხაზური ძალების მხოლოდ ნაწილი შევა, აფხაზეთი ინარჩუნებს საკუთარ "არმიას", რუსეთი კი, რუსეთისვე ხარჯით, მის მოდერნიზაციასა და წვრთნას ახორციელებს.

ეს ბოლო პირობა სოხუმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მართალია, ბოლო წლებში აფხაზეთში რამდენიმე ერთობლივი რუსულ-აფხაზური წვრთნა ჩატარდა, მაგრამ რაც შეეხება სოხუმის ხელში არსებულ შეიარაღებასა და ტექნიკას, 1993 წლის შემდეგ ის სერიოზულად არ განახლებულა. მოსკოვთან „ხელშეკრულება" კი ამის იმედს იძლევა.

როგორც ჩანს, ჯარის მოდერნიზაციისა თუ ფინანსური დახმარების პირობად მოსკოვმა სოხუმს ძველი „ტრადიციის" გაგრძელება წაუყენა, რაც უმაღლესი სამხედრო პირის მოსკოვიდან დანიშვნას გულისხმობს. სოხუმთან „ხელშეკრულების" გაფორმებისას კრემლი, ერთი შეხედვით, დათმობებზე წავიდა და დოკუმენტში სოხუმისთვის მომგებიანი მთელი რიგი მუხლები შეიტანა, რომელიც ძირითადად სხვადასხვა სფეროს, მათ შორის - თავდაცვის დაფინანსებას ეხება. მაგრამ ეს „დახმარება" რეალურად აფხაზეთის რუსეთზე ფინანსური დამოკიდებულების ზრდას ემსახურება, რაც რუსეთს თანდათან საშუალებას მისცემს აფხაზეთის ცხოვრების ყველა სფეროში სრული კონტროლი დაამყაროს და იგივე შედეგი მიიღოს, რის მიღწევასაც „ხელშეკრულების" თავდაპირველი ვარიანტით აპირებდა.

აფხაზურ ელიტას და საზოგადოებას, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, რუსეთის „შემოთავაზებებთან " დაკავშირებით დიდად არც მანევრის საშუალება და არც არჩევანის თავისუფლება გააჩნიათ, - აღნიშნულია სტატიაში.

სამოქალაქო საინფორმაციო ჯგუფი არის არასამთავრობო და არაპოლიტიკური პროექტი. მისი მიზანია ინფორმაციის მოპოვება, გადამოწმება და გამოქვეყნება საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით.

კომენტარები