რიგის სამიტი

წულუკიანი: არასდროს ველოდით რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციას

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არასდროს ყოფილა მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაცია მოხდებოდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"არასწორი სიტყვაა, რომ ვიზალიბერალიზაცია გადაიდო. ეს არც არასდროს ყოფილა გადაწყვეტილი, არც არასდროს ყოფილა ჩვენი მოლოდინი და არც არასდროს ყოფილა მოთხოვნა. ნამდვილად არ ველოდით რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციას. თუ ნახავთ ჩვენი, მათ შორის ჩემი, ქალბატონ თამარის და პრემიერის განცხადებებს მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი, ჩვენ ერთსა და იმავეს ვამბობდით, ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ რიგის სამიტის დასრულების მეორე დღეს უვიზოდ ვივლით ევროკავშირში. ამის მოლოდინი არ იყო და შესაბამისად არაფერი გადადებულა. შეიძლება საზოგადოებაში განცდა იყო და სწორედ ამიტომ ვაკეთებდით ამ განცხადებებს, რომ ეს არასწორი მოლოდინი გვემართა სწორი მიმართულებით. რიგის სამიტზე მოლოდინი იყო ერთადერთი და მე ხელშესახები იმედი მაქვს, რომ ამის რეალიზება მოხდება მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მთლიანობაში პოზიტიური ანგარიში დადო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ - მაქვს რეალისტური მოლოდინი დღეს, რომ რიგის სამიტზე გამოვა დეკლარაცია, სადაც ფორმულირება იქნება, რომ ევროპამ უთხრას საქართველოს, რომ რეფორმების კუთხით არის ძალიან დიდი პროგრესი; ეს ძალიან დიდი პროგრესი ხელს გვიხსნის იქითკენ, რომ წლის ბოლომდე მეოთხე და საბოლოო ანგარიში დაიდოს და უკვე გვქონდეს რაიმე განცდა კი არა, რეალისტური მოლოდინი იმისა, რომ ყველაზე გვიან გაისად ევროკავშირის ქვეყნებმა თქვან, რომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირს მათი საზღვრების გახსნა. ეს ჯერ მოგებული თამაში არ არის", - თქვა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამი თვის წინ აცხადებდა, რომ რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლის მოლოდინი ჰქონდათ. 

კომენტარები