საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგა ჰაინც ფიშერთან პირისპირი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, მათ შორის, ისაუბრეს საფრთხეებზეც. მისი თქმით, "ის სირთულეები, რომელიც შექმნილია რეგიონში, ის დაძაბულობა, რომელიც არის უკრაინაში, დაძაბულობა, რომელიც იყო საქართველოში – ყოველივე ეს ხელს უშლის რეგიონის მშვიდობიან განვითარებას."
"ჩვენ ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის განვითარების შესახებ. აქ ჩვენი ავსტრიელი მეგობრები არიან ძალიან აქტიურები, სწორად ხედავენ საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ეხმარებიან იმ მიმართულებით, რომ შავი ზღვის ეს რეგიონი განვითარდეს როგორც თანამშრომლობის, მეგობრობისა და შესაძლებლობების რეგიონი. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის საფრთხეების შესახებაც. ის სირთულეები, რომელიც შექმნილია რეგიონში, ის დაძაბულობა, რომელიც არის უკრაინაში, დაძაბულობა, რომელიც იყო საქართველოში – ყოველივე ეს ხელს უშლის რეგიონის მშვიდობიან განვითარებას. ბუნებრივია, ჩვენ ვხედავთ, რომ ავსტრია მყარად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნების მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც საქართველოს ექმნება ასოცირების ხელშეკრულებით და იმ ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რაც ჩვენს საქართველოს გააჩნია. გამოვხატეთ იმედი, რომ რიგაში მიღებული იქნება ნათელი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროპაში მომავალი ინტეგრაციის თაობაზე და იმ სამუშაოს თაობაზე, რომელიც საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ბოლო პერიოდის განმავლობაში განახორციელა. ასევე, ვისაუბრეთ იმ ბიზნესთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ავსტრიასთან გვაქვს. მადლიერება გამოვხატეთ იმ პროექტებისთვის, რომელსაც ჩვენი ავსტრიელი პარტნიორები აქ ახორციელებენ აქ",-თქვა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ჰაინც ფიშერს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრესკონფერენციაზე ჰაინც ფიშერმაც ისაუბრა.
"გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა დაიწყო ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ ახლა ნამდვილად გვაქვს პრეტენზია, რომ ყოველწლიურად, სერიოზულად განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ასოცირების შეთანხმებაზე ბატონმა პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. ეს არის გონივრული ღონისძიება. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და მკაფიო, რომ ასეთი ტიპის ასოცირების შეთანხმება აახლოებს სახელმწიფოებს, მათ ეკონომიკას და არამც და არამც არ არის მიმართული რომელიმე მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც ჩვენ გვესმის ასოცირების შეთანხმება, როგორც მივიღეთ მონაწილეობა შესაბამის მოლაპარაკებებში, ეს არის შეთანხმება კონკრეტულ სახელმწიფოსთან და არამც და არამც ანტიშეთანხმება რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც გამორიცხავს, თამაშგარეშე აყენებს რომელიმე სხვა სახელმწიფოს. იმავდროულად, ვფიქრობთ, რომ შავი ზღვის რეგიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელსაც აქვს ერთობლივი ნიშნები, თუმცა ამავდროულად აქვს ერთობლივი ნიშნები ევროკავშირის მიმართ და სწორედ ამ ერთობლიობაზე უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ავსტრიისთვის თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით", - თქვა ფიშერმა.





