- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება: გიორგი ქადაგიძის თქმით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა შეთქმულების თეორიების განვითარება არ უნდა დაიწყონ, რადგანაც ეს პირველ რიგში მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება, რაც მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას იქონიებს. გიორგი ქადაგიძემ ამ განცხადებით საქართველოს ვიცეპრემიერს, კახა კალაძეს უპასუხა, რომელმაც გუშინ ტელეკომპანია GDS ეთერში გადაცემა ოცი ოცდაათში თქვა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში შესაძლო დამნაშავეები კომერციული ბანკები არიან და მათ შორის გაფორმებული ფინანსური ტრანზაქციები გაუმჭვირვალეა. გიორგი ქადაგიძის თქმით, ასეთი განცხადება თავად ამ ბანკების მიმართ არის არასწორი, რადგან ამ ფინანსური ინსტიტუტების პარტნიორები წლების მანძილზე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, როგორიც მაგალითად, EBRD-ია.
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. მან ეკონომკური ზრდის მაჩვენებლის 2.3% მდე შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე კარგი პროგნოზი ამ რეგიონისთვის. ჩაკრაბატიმ საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობაც შეაფასა. EBRD-ის პრეზიდენტის თქმით, ბანკის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია.
- ეკონომიკური ზრდის პროგნოგნოზის დაწევასთან ერთად, მთავრობა ბიუჯეტის სეკვესტრზე მსჯელობს. გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრები მეორე კვარტლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებას ელოდებიან. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ არ იგეგმება სოციალური და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება.
- დღეს EBRD-ის ყოველწლიური ფორუმი დასრულდა. ფორუმის ფარგლებში საქართველოში 23 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს მოეწერა ხელი. დღესვე საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა შეხვედრები თავიანთ უცხოელ კოლეგებთან გამართეს.




