თეორემა

რუსული პროპაგანდა საქართველოში

მედიის განვითარების ფონდმა ქართულ საზოგადოებაში რუსული პროპაგანდის კვალის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა - ერთი წლის განმავლობაში მკვლევრები მედიას, საზოგადოებას და პოლიტიკოსებს აკვირდებოდნენ. შედეგები თვალშისაცემია - ანტიდასავლური განწყობების მთავარი წყარო ქვეყანაში მედიაა, მას საზოგადოების წარმომადგენლები მოჰყვებიან, მხოლოდ ამის შემდეგ არიან პოლიტიკოსები და სასულიერო პირები.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული NDI-ის კვლევა ცხადჰყოფს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თუ უყურებს უცხოურ ტელევიზიებს, უპირატესობას სწორედ რუსულ ტელეარხებს ანიჭებს - რუსეთი სახელმწიფო ტელევიზიებიდან დაწყებული პუტინისტური იდეოლოგიით გაჟღენთილი პატარა არხებით დასრულებული - საქართველოში თითქმის ყველა მათგანია პოპულარული.

პუტინის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ძირითადი იარაღი სწორედ დასავლეთის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაა - მოლდოვაში, საქართველოში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ამ მხრივ ერთნაირი ქარი უბერავს - ქარი, რომელსაც მოაქვს ამბები, თუ როგორ ებრძვის ამერიკის მეთაურობით დასავლური სამყარო ტრადიციებს, რელიგიასა და ოჯახის ინსტიტუტს. ამ ყველაფერს სწორედ მოსკოვიდან დირიჟორობენ. თავს გვახვევენ ჰომოსექსუალობას, ებრძვიან მართლმადიდებლობას, მიუღებელია მათი ღირებულებები, მესხების რეპატრიაცია და ებრძვიან ტრადიციებს - სწორედ ამ ინფორმაციას ავრცელებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილი სხვადასხვა საშუალებების დახმარებით.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დასავლეთის წინააღმდეგ წარმოებული იდეოლოგიური ომის კამპანია შეიცვალა და შეიძლება ისიც ვთქვათ რომ პუტინის ხელში უფრო დაიხვეწა კიდეც - რასიზმის პრობლემაზე აპელირებიდან იმპერიის იდეოლოგები სხვადასხვა ხალხებისთვის უფრო მტკივნეულ თემებზე გადაერთვნენ - ყოფილ საბჭოეთში ასეთი რელიგიის, ტრადიციებისა და ოჯახის თემა აღმოჩნდა. რუსულმა იდეოლოგიურმა მანქანამ გმირების ტიპებიც კი შეცვალა - პავლიკ მოროზოვი და პატრის ლუმუმბა მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის იმ რუსმა წმინდანებმა შეცვალეს, რომლებიც მეორედ მოსვლისა და რუსეთის მესიანიზმის შესახებ ქადაგებდნენ.

რუსული მედია დღეს უკვე ბევრ ენაზე საუბრობს - ინგლისურენოვან რაშა თუდეის ხმას მისი ქართული ანალოგებიც უწყობენ - განსხვავება მხოლოდ ერთია, ქართული კლონები ამტკიცებენ, რომ პროქართული გეზი აქვთ აღებული. პროქართული კი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სამწუხაროდ, ავტომატურად ნიშნავს ხოლმე პრორუსულს - იგორ გიორგაძეს, ირინა სარიშვილს, ვარდიკო ნადიბაიძეს, თენგიზ კიტოვანს, ლევან ვასაძეს, კოტე გოგელიას და ირმა ინაშვილს სწორედ ეს გაცხადებული გეზი აერთიანებთ.

კომენტარები