ლარის გაუფასურება

EBRD-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას სრულად უჭერს მხარს

nbg.ge

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD-ის) პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი ქადაგიძემ და სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. 

"შექებას იმსახურებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკა, ვთვლით რომ ეროვნულმა ბანკმა სწორი და გონივრული პოლიტიკა აირჩია ლარის გაცვლითი კურსის მერყეობისას სავალუტო რეზერვების შენარჩუნების კუთხით, ვინაიდან სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვანი აქტივია ქვეყნისათვის. EBRD-ი თვლის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებები სწორია. ეროვნული ბანკი პროფესიონალურ დონეზე ასრულებს თავის ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს და მისი დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალურია, ვინაიდან ეს ფუნდამენტური ფაქტორია ინვესტორთა ნდობისათვის და ეკონომიკის განვითრებისათვის მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. 

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად მთავრობის წარმომადგენლები ეროვნულ ბანკს ასახელებდნენ, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის წარმომადგენლების შეფასებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა მართებულია. 

„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორი. გარდა იმისა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი, უკვე მრავალი წელია, ის  არა მარტო ჩვენი ეკონომიკის, არამედ ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ეწევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი სტრატეგია, რომელზეც იყო ძირითადად საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე. მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ ახალ ფაზაზე, როდესაც ევრობანკი იწყებს რეალური სექტორის დაფინანსებას, რაც ნიშნავს რომ წარმატებული ქართული კომპანიებისთვის ეს არის  ახალი შესაძლებლობები მოიზიდონ თანხები არა კომერციული ბანკებისგან, არამედ ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირ ასეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ადგილობრივ ვალუტაში - ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისიისთვის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არის წინგადადგმული ნაბიჯი და რა თქმა უნდა ჩვენ, ჩვენის მხრივ ვაგრძელებთ იმ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს ამ ორგანიზაციასთან“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 

EBRD-ი ქართული საბანკო-საფინანსო სექტორის განვითარებისთვის მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მუშაობს. ბანკი საქართველოში მრავალი წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი დონორი ორგანიზაცია იყო. 

კომენტარები