თეორემა

NDI-ის კვლევა - უიმედო და უკმაყოფილო საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც მოსახლეობის განწყობებს ასახავს.

როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ტაბულასა და რუსთავი ორის "აჟიტირებული სიცრუის დაბალანსების მოქმედების მექანიზმის სტრუქტურა არ მუშაობს" - 2030-ის ექსპერტების მცდლობის მიუხედავად, 2013 წლის ბოლოსთან შედარებით ოთხჯერაა გაზრდილი იმ ადამიანთა წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ორჯერ და მეტჯერ არის შემცირებული იმ ადამიანთა წილი, რომლებიც კმაყოფილნი არიან ქვეყნის გეზით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მოსახლეობა ქვეყნის განვითარების მიმართულებით ასეთი უკმაყოფილო არ ყოფილა.

მოსახლეობის მესამედზე მეტი ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. გაუმჯობესებაზე მოსახლეობის მხოლოდ მეათედი საუბრობს.

მოსახლეობის ამ განწყობების ფონზე, განსაკუთრებით კომიკურად გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ეკონომიკური გუნდისა და პრემიერის თანამდებობებზე დატოვების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილი, გარდა იმისა, რომ სტალინისტი აღმოჩნდა, ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ მისი დამაჯერებელი განცხადებების შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო, არადა დოლართან მიმართებით ლარი გაუფასურდა, როგორც პარასკევს, ისე ორშაბათს - მთელი ერთი თეთრით და ახლა უკვე ერთი დოლარი, თითქმის 2.35 ლარი ღირს.

ყველაზე დიდი რეზონანსი ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მსურველთა ხვედრითმა წილმა გამოიწვია - კითხვაზე, მისაღებია თუ არა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, 31 პროცენტი პასუხობს რომ მისაღებია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წინა კვლევებში ამ ფორმულირებით კითხვა ევრაზიულ კავშირზე არ დასმულა, შესაბამისად, დინამიკაზე მსჯელობა რთულია.

მოსახლეობის მთავარი პრობლემების სამეულში გაჩნდა ინფლაცია, მას ადგილი ტერიტორიულმა მთლიანობამ დაუთმო. ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა პრობლემების სამეულში ვერ ხვდება - რაც გასაგებიცაა. მასლოუს პირამიდით თუ ვიხელმძღვანელებთ, როდესაც გაჭირვება იზრდება, ისეთი მაღალი მატერიები, როგორიცაა სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი, ადგილს ყოფით საკითხებს უთმობს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევაზე ვსაუბრობთ თეორემას სტუმრებთან ერთად.

კომენტარები