სავალუტო კრიზისი

ჯაფარიძე: სასწრაფოდ გადასადგმელია ნაბიჯები, რაც ეკონომიკას გააჯანსაღებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სასწრაფოდ გადასადგმელია ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მისი თქმით, საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს: მთავრობის ხარჯების შემცირება, გადასახადების შემცირება და ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებული, მათ შორის, სავიზო რეგულაციების გაუქმება. ჯაფარიძისვე მოსაზრებით, ივანიშვილის მთავრობას არ გააჩნია ამ ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება და "ის უნდა წავიდეს."

"გუშინ გამოქვეყნდა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა. პირველად მოხდა, რომ მთავარი პრობლემების სამეული არის მთლიანად ეკონომიკური შინაარსის:

სამუშაო ადგილები (66% იყო 63%)

ფასების ზრდა და ინფლაცია (43% იყო 19%)

სიღარიბე (39% იყო 32%)

პირველად მოხდა, რომ ხალხის რაოდენობა ვინც ამბობს, რომ მთავრობა არ ატარებს მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს აღემატება მათ ვინც ამბობს, რომ მთავრობა ატარებს ასეთ ცვლილებებს. მათი რიცხვი ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით არის რეკორდულ ნიშნულზე. ასევე რეკორდულად შემცირდა იმათი რაოდენობა ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამ ფონზე, ვხედავთ, რომ ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას. წინა კვირაში, ივანიშვილის მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობამ კვლავ დაამტკიცა მთავრობის იგივე შემადგენლობა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა

მოსახლეობას რომ შევახსენოთ - ამ მთავრობას დღემდე არ აქვს კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა და დღემდე არ წარმოუდგენია, როგორ აპირებს ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას, რაც გარდაუვალია ეკონომიკის ზრდის ტემპის ვარდნის გამო. ჩვენ ვთვლით, რომ სასწრაფოდ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს: მთავრობის ხარჯების შემცირება, გადასახადების შემცირება და ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებული, მათ შორის, სავიზო რეგულაციების გაუქმება.

ივანიშვილის მთავრობას არ გააჩნია ამ ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება და ის უნდა წავიდეს. სხვა შემთხვევაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყნის ეკონომიკის შემობრუნებას დასჭირდება არაერთი წელი",- თქვა ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

კომენტარები