NDI-ის კვლევა

თარხნიშვილი: NDI-ის კვლევამ დააფიქსირა რეალობა, რეალობა კი არის კატასტროფული

ლევან თარხნიშვილი
თეორემა / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის შეფასებით, "NDI-ის კვლევამ დააფიქსირა ის, რაც რეალობაში ხდება ქვეყანაში. რეალობა კი არის კატასტროფული". როგორც თარხნიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, პრობლემები არის ბევრი, "რაც გამოწვეულია მთავრობის უნიათობით, არაკომპეტენტურობით და იმით, რომ არ უნდათ აღიარონ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი". მისი განცხადებით, ამის შედეგია ის, რომ უფრო მეტი ხალხია შეწუხებული გაღარიბებით და ინფლაციით.

"რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ეს ყველაფერი არის მთავრობის პოლიტიკის შედეგი. მათ არაფრით არ უნდათ აღიარონ, რომ არასწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანა მიიყვანეს აქამდე" - აღნიშნა თარხნიშვილმა.

ენმ-ის წევრის შეფასებითვე, ის ფაქტი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების სამეულში პირველად არ მოხვდა ტერიტორიული მთლიანობა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს პრობლემა გაქრა ან მოსახლეობა ნაკლებად ფიქრობს მასზე.

"მაჩვენებელი თითქმის იგივეა, რაც იყო წინა კვლევისას. აქ სხვა რამეზეა საუბარი. მთავრობის უნიათობამ სასწაულებრივად გაზარდა ეკონომიკური პრობლემები და მათ გადაასწრეს ტერიტორიული მთლიანობის მაჩვენებლებს. ადამიანები პირველ რიგში ფიქრობენ იმაზე, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული, ტერიტორიული მთლიანობის მაჩვენებელი დარჩა თავის ადგილზე, უბრალოდ მთავრობამ მოახერხა ის, რომ მას გადაუსწრო ყოფითმა პრობლემებმა" - აცხადებს თარხნიშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმითვე, ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობის გაზრდაც მთავრობის პოლიტიკის შედეგია.

"ეს მოიცავს სამ კომპონენტს. 1. მთავრობის სრული უნიათობა დასავლური და ეროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. 2. ჯვაროსნული ლაშქრობა ოპოზიციის იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც მატარებელია ევროატლანტიკური ღირებულებების. 3. წახალისება ყველა იმ ძალის, რომელიც ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ ფასებულობებს და ეს არის ის ძალები, რომლებიც ქადაგებენ სიძულვილის ენას, ძალადობას და ევრაზიულ მიმართულებებს. ეს სამი კომპონენტი ერთად ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც არის საქართველოში შექმნილი. თუმცა, დღევანდელმა კვლევამაც აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობას განსაზღვრული აქვს - ქვეყნის ადგილი არის NATO-ში, ევროკავშირში და ჩვენი განვითარების ვექტორი არის ევროატლანტიკური მიმართულება" - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

კომენტარები