NDI-ის კვლევა

NDI: 50%-ის აზრით, ხელისუფლება არ ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება არ ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. 2014 წლის აპრილსა და აგვისტოში ასე დაახლოებით 35% ფიქრობდა, ხოლო 2013 წელს, სხვადასხვა გამოკითხვებისას, ეს მაჩვენებელი 15%-დან 30%-მდე მერყეობდა. ცნობისთვის, 2011-2012 წლებში, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო, გამოკითხულთა მხოლოდ 25-30% მიიჩნევდა, რომ ხელისუფლება ვერ ახორციელებდა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. 

კითხვაზე, "რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს", გამოკითხულთა 45% პასუხობს, რომ ეთანხმება. 2013 წლის ნოემბერში ასე 70%-ზე მეტი ფიქრობდა. ხოლო 2012 წლის თებერვალში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, NDI-ს გამოკითხულთა დაახლოებით 70% მიიჩნევდა, რომ იმდროინდელი ხელისუფლება (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებდა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები