ევროკომისიამ დღეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით მესამე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პროგრესი მნიშვნელოვანია, მაგრამ მას კვლავ გასათვალისწინებელი აქვს დარჩენილი რეკომენდაციები. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ანგარიშით მოთხოვნილი ქმედებების შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, დაასრულოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები.
"საქართველოს პროგრესი მნიშვნელოვანია დროის მოკლე პერიოდში და ის შეესაბამება მეორე ფაზის ამოცანებს. მაშინ, როცა არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო და ინსტიტუციური და საორგანიზაციო პრაქტიკა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხ ბლოკში, ზოგადად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს ჯერ კიდევ გასათვალისწინებელი აქვს დარჩენილი რეკომენდაციები და საჭირო იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ერთიანი ძალისხმევა. მთავარი პრიორიტეტია სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს მდგრადი განხორციელება, კერძოდ ისეთ სფეროებში, რომლებიც ეხება თავშესაფარს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანების და ნარკოტიკების ტრეფიკინგს. გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია მზადაა გადმოწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა", - წერია ევროკომისიის ანგარიშში.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში ნათქვამია ისიც, რომ ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ძირითადად ასრულებს მეორე ფაზის ნიშნულებს და მისი საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკა, ასევე ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპებისა და პროცედურების ერთიანობა, შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კი, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს ერთობრივი წერილით დღეს მიმართეს. წერილში, რომელსაც პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად აწერენ ხელს, რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზეა საუბარი. ქვეყნის პირველი პირები წერილში რიგის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ასახვას ითხოვენ. წერილში ასევე გამოთქმულია იმედი, რომ ტექნიკური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, რიგის სამიტის დეკლარაცია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარებას მკაფიოდ დაუჭერს მხარს.
საქართველომ და ევროკავშირმა ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს; ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად, საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს წარედგინა.





