ლარის გაუფასურება

მთავრობა საგადასახადო ლიბერალიზაციის გამოცხადებას გეგმავს

radiotavisupleba.ge

საქართველოს მთავრობა საგადასახადო ლიბერალიზაციის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სხდომაზე ვიცეპრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ გამოვაცხადებთ საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მეტ ჟანგბადს მისცემს კერძო სექტორს იმისთვის, რომ გადაიტანოს და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ეს გეგმა ეკონომიკური სტაბილიზაციის საერთო გეგმის შემადგენელ ნაწილის იქნება.

ფრაქციის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის კურსის დასტაბილურების შესაძლო ფაქტორებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აპრილის თვეში იმპორტის კლება დაფიქსირდა, რაც დაეხმარება ლარის გამყარებას.

„ერვონული ბანკის და მთავრობის პროგნოზით, ლარის გამყარება დაიწყება უახლოესი კვირეების განმავლობაში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ზაფხულიდან, ივნისის თვიდან უნდა მოხდეს ლარის დასტაბილურება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მთავრობის საპრივატიზაციო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში პრივატიზაციიდან 300 მილიონი დოლარის შემოსვლას ელიან. კერძოდ, მთავრობა ამჟამად მშენებარე გარდაბნის თბოელექტროსადგურის გაყიდვას გეგმავს.

კომენტარები