სავალუტო კრიზისი

გაბაშვილი ლარის კურსზე: მთავრობა ეძებს განტევების ვაცებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ერთადერთი დამსახურება ხალხის გაღარიბებაა. მისი მოსაზრებით, მთავრობა მშვიდობიანი, საარჩევნო გზით უნდა შეიცვალოს.

"ლარის გაუფასურებაც, ეკონომიკის ვარდნაც, ხალხის გაღატაკებაც და ყველაფერი ის, რაც ქვეყანაში ხდება, არის ივანიშვილის ჯიბის მთავრობის დამსახურება და ამას, რა თქმა უნდა, არანაირი გამოძიება არ სჭირდება. ფაქტია, რომ თავიდან საგარეო ფაქტორებს აბრალებდნენ, დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ რაღაც საბოტაჟის ნიშნებიც არის. მთავრობა არის აბსოლუტურად სასოწარკვეთილი. იცის, რომ მდგომარეობას ვერ ასწორებს და ვერც გამოასწორებს თავის უნიათობისა და არაკომპეტენტურობის გამო და ახლა ეძებს განტევების ვაცებს. ერთადერთი დამსახურება ხალხის გაღატაკების და გაღარიბებისა არის ივანიშვილის მთავრობაში, რომელიც უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი საარჩევნო გზით", - თქვა გაბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის გაუფასურების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს.

კომენტარები