თეორემა

როგორ ვებრძოლოთ პუტინისტურ საფრთხეს

ამ კვირას ევროპასა და ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებას აღნიშნავენ - 70 წლის წინ კაცობრიობის ისტორიის ყველა საშინელი ომის მნიშვნელოვანი თავი დაიხურა - ომი წყნარი ოკეანის ზონაში კიდევ 4 თვე გაგრძელდა.

სწორედ ამ ომში გამარჯვებას ეყრდნობოდა საბჭოთა რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში, სწორედ ამ ომის თემატიკითა და იდეებით ცდილობს საკუთარი გავლენის გაფართოებას ვლადიმირ პუტინი. მისი რეჟიმი ყველას, ვინც მას არ ეთანხმება ფაშისტებს უწოდებს. ფაშისტები ვართ ქართველები, არიან მაიდნელი უკრაინელები და ა.შ.

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილი აღნიშნავს. აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უკრაინა. ბალტისპირეთის ქვეყნები ამ დღეს არ აღნიშნავენ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღად დასავლეთი 8 მაისს მიიჩნევს. 9 მაისი მათთვის ხელახალი ტრაგედიის დღეა, რადგან ამ დღეს საბჭოთა კავშირმა უკვე გათავისუფლებული პრაღა ხელახლა დაიპყრო. დებატები მეორე მსოფლიო ომის შესახებ ემოციურია და ეხება ამ ომის მემკვიდრეობას დღევანდელ გეოპოლოტიკურ ვითარებაში.

ტრადიციულად 9 მაისს პომპეზურად აღნიშნავს პუტინის რეჟიმი - წელსაც ლენინის მავზოლეუმის წინ ათიათასობით რუსი ჯარისკაცი ჩაივლის, ვლადიმირ პუტინი კი ალბათ ტრადიციულად ისაუბრებს საბჭოთა კავშირის როლზე მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში.

პუტინის ამ მესიჯის გასახმოვანებლად მისი მხარდამჭერი ბაიკერები ევროპაში მოგზაურობენ - მრავალმა სახელმწიფომ მათ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრა, თუმცა ასე არ მოქცეულა საქართველოს მთავრობა. უკვე მეორე წელია ე.წ. გიორგის ლენტებით აღჭურვილი ბაიკერები ლარსის სასაზღვრო პუნქტს უპრობლემოდ კვეთენ. ამ ლენტებს მავნებელი კოლორადული ხოჭოების ნიშნად უკვე უწოდეს კოლორადოს ლენტები უკრაინაში. პუტინის მიერ დამკიდრებული ჰიბრიდული ომის პირობებში საკამათოც არაა უნდა ჰქონდეთ თუ არა ოკუპანტი რეჟიმის მხარდამჭერებს საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება.

სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ თეორემას სტუმრებთან ერთად.

კომენტარები