გასულ კვირას საქართველოს მთავრობა რიგით მეშვიდე მინისტრმაც დატოვა, რამაც ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი საპარლამენტო ნდობის ხელახალი გამოცხადების აუცილებლობის წინაშე დააყენა - 30 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ გამოთავისუფლებულ ადგილებს შეავსებდა მთავრობაში, თუმცა 30 აპრილის საღამოსვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი ინიშნებოდა. რეალურად თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება ბევრ კითხვას არ იწვევს - რაც არ უნდა მალოს, ბიძინა ივანიშვილისთვის მაინც რთული დასამალია, რომ რეალურად ქვეყანაში სწორედ ის ფლობს ძალაუფლებას.
სამთავრობო ცვლილებების უკანასკნელი ეტაპი ხელისუფლებაში კოალიციიდან ირაკლი ალასანიას გუნდის წასვლით დაიწყო. ალასანია კოალიციის დასავლური ფრთის ლიდერი იყო და სწორედ მისი პირით ესაუბრებოდა ქართული ოცნება დასავლურ სახელმწიფოებს.
ფაქტია, რომ მინდია ჯანელიძემ ეს როლი ვერ შეასრულა - მთავრობას კი ნამდვილად სჭირდებოდა ადამიანი, რომელთანაც დასავლურ სახელმწიფოებს საუბარი შეეძლებოდათ. მოახერხებს თუ არა ამას თინა ხიდაშელი რთული სათქმელია, რადგან ის ალასანიასგან განსხვავებით ნამდვილად არ გამოირჩევა დიპლომატიურობით.
სამთავრობო ცვლილებების უკანასკნელი ციკლის დაწყებამდე ეროვნული ვალუტა უკვე თავისუფალი ვარდნის რეჟიმში იყო გადასული, თუმცა ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ადამიანს არც კი უფიქრია ეკონომიკურ გუნდის გადახალისება - ბიძინა ივანიშვილი ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების ყოველი ეტაპის შემდეგ ამტკიცებს, რომ სამთავრობო გუნდი სანიმუშოა.
საქართველოს მთავრობა ჯერ უარყოფდა პრობლემის არსებობას, მოგვიანებით კი კრიზისის გარდუვალობასა და გამოსავლის გზებზე დაიწყო საუბარი. ამ პირობებში შეიცვალა ღარიბაშვილის გუნდში 7 მინისტრი.
ქართულ საზოგადოებაში ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომელთათვისაც თინა ხიდაშელის ახალი სტატუსი ეკონომიკური სტაბილურობის მომტანია, თუმცა სათუაო რამდენად მოახერხებს თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი საგარეო გამოწვევების, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების განმუხტვას.
ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის პირველი ქალი მინისტრია. ის ეკა ზღულაძის შემდეგ მეორე ქალია, რომელიც ძალოვან სტრუქტურას უხელმძღვანელებს.
რას ემსახურება თინა ხიდაშელის მთავრობაში გადაყვანა და არის თუ არა ეს სამაგიერო რესპუბლიკელების ერთგულებისათვის პარლამენტში? ამ თემებზე ვსაუბრობთ თეორემას სტუმრებთან ერთად.




