პაკიაო - მეიუეზერის ჩხუბი

პაკიაო: ვიფიქრე, რომ მე მოვიგე. მეიუეზერს არაფერი გაუკეთებია

dailymail.com

ვიფიქრე, რომ ბრძოლა მე მოვიგე. მას არაფერი გაუკეთებია, სულ მირბოდა, ასეთი კომენტარი გააკეთა ფილიპინელმა მოკრივემ, მენი პაკიაომ ამერიკელ ფლოიდ მეიუეზერთან ჩხუბის შემდეგ. საუკუნის შეხვედრად მონათლული დაპირისპირება, რომელმაც უამრავი რეკორდი მოხსნა, მეიუეზერმა ქულებით მოიგო - 116:112, 116:112, 118:110 და WBA-ს, WBC-სა და WBO-ს საჩემპიონო ქამრებს დაეუფლა.

რაც შეეხება თავად ჩხუბს, გულშემატკივრებს განსაკუთრებული შოუ არ უნახავთ - ეს იყო ორი უძლიერესი საშუალო წონის მოკრივეს დაპირისპირება. მეიუეზერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის დაცვა საუკეთესოდ შეუძლია და დიდწილად, სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა გამარჯვება. რაც შეეხება პაკიაოს, რომელიც მოწინააღმდეგეზე ოდნავ ნაკლებს იწონიდა, მან ტრამვა სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა და ამ ყველაფრის ფონზე კარგად გამოიყურებოდა, უტევდა, თუმცა ჩანდა, რომ მეიუეზერი უფრო სწრაფი იყო.

"ბევრჯერ მოვარტყი. ვხედავდი როგორ ხვდებოდა ჩემი დარტყმები და ამიტომ ვიფიქრე, რომ მე გავიმარჯვე. მეიუეზერი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მაგალითად მიგელ კოტო ან ივან კალდერონი," - განაცხადა მენი პაკიაომ, რომლის გამარჯვებას მშობლიურ ფილიპინებზე ქუჩაში ათიათასობით ადამიანი ელოდა.

რაც შეეხება მეიუეზერს, მან პაკიაოს მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა და განაცხადა, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა. 

გუშინდელი ჩხუბის შემდეგ, ფლოიდ მეიუეზერმა და მენი პაკიაომ ანაზღაურების სახით 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

კომენტარები