სავალუტო კრიზისი

ბოკერია: ყველამ ვიცით, რომ მაგარ შარში ვართ

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის, გიგა ბოკერიას მოსაზრებით, მთავრობებს ირჩევენ იმისთვის, რომ კრიზისისთვის მზად იყვნენ. მისი თქმით, როდესაც დაიწყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, ხელისუფლებას მაშინ გეგმები უნდა დაეწყო და მომზადებულიყო.

"საგარეო ფაქტორები არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ყოველთვის არსებობს გამომწვევი საგარეო ფაქტორები. ზოგჯერ ეს ფაქტორები არის უფრო მძიმე, ვიდრე ნორმალურ ვითარებაში. ძალიან მძიმე ფაქტორია, როდესაც შენს ქვეყანაში არის სამხედრო აგრესია და ომი, როგორც იყო 2008 წელს. როცა არის მსოფლიო კრიზისი იმ მასშტაბის, როგორც იყო 2009 წელს. ახლაც რეგიონში რთული ვითარებაა, რუსეთის აგრესიაა ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, ამან გამოიწვია გადმორიცხვების ვარდნა. ეს მართლაც ასეა. უკრაინა ჩვენი სავაჭრო პარტნიორია და იქ პრობლემები გვაქვს - ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა. მაგრამ, საგარეო ფაქტორებს აქვს პოზიტიური ასპექტი, დროებით მაინც. მაგალითად, ნავთობის ფასების ვარდნას მოჰყვა საწვავის ფასების ვარდნა, ამან შეამცირა წნეხი ფასების ზრდაზე, რაც მაინც მოხდა საქართველოში.

მაგრამ მთავრობებს ირჩევენ იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად კი არა, როცა კრიზისია, იყვნენ ამ კრიზისისთვის მზად. ყველამ იცოდა, რომ ეს კრიზისი მოვიდა. როცა დაიწყო რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო აგრესია, მაშინ უნდა სცოდნოდათ, რომ გეგმები დაეწყოთ და მომზადებულიყვნენ. ეს ხალხი სულ რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდა, რომ გეგმები აქვთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, საერთოდ არ იმჩნევდნენ იმას, რაც ხდება. ახლაც კი იძახიან, რომ გეგმა არ აქვთ იმიტომ, რომ კრიზისი არ არისო. ეს არის პრობლემა", - თქვა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, "გადავდოთ გვერდზე საგარეო ფაქტორი. გავიხსენოთ სულ თავიდან, დავოსში ჩასული ახალი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხვდებოდა ინვესტორებს - მათ, ვისაც უნდა მოფერებოდა და ეთქვა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც ფული უნდა ჩადოთ. მან გამოუცხადა ინვესტორებს, რომ საქართველო არის ჯოჯოხეთი. რა დასკვნა უნდა გაეკეთებინა იმ ხალხს? და რა ხმა გავარდა ინვესტორებში თავიდანვე? რომ ან ეს კაცი მართალია ან საქართველო ისეთ შარშია, რომ იქ საერთოდ გარისკვაც არ ღირს. ყველამ ვიცით, რომ მაგარ შარში ვართ.

ეს დასაწყისი თანმიმდევრულად გააგრძელეს - გადაწყვეტილებები ვიზებზე - ვინ რჯიდათ, 2 წელი დასჭირდათ, ეღიარებინათ, რომ შეეშალათ. ეს რომ აღიარეს, თვეები დასჭირდათ, რომ შეეცვალათ გადაწყვეტილება. ახლა გადაწყვეტილებას რომ იღებდნენ, იმასაც არასრულფასოვანს იღებდნენ. როცა მიწის საკუთრებაზე ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, როცა გადასახადების დაწევას აჩერებ, რაც დაგეგმილი იყო და პირიქით მაღლა წევ მოსაკრებლებს, აქციზებს - ვთქვათ, წყალზე, თუთუნზე - წნეხს ზრდის საგადასახადოს. როცა ბიუროკრატიას ზრდი, იმიტომ, რომ გინდა, ნათესავები და ახლობლები დაასაქმო, ამით საბიუჯეტო დეფიციტს ზრდი. როცა ვერ ანაწილებ საბიუჯეტო ხარჯებს წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი რა შუაშია საგარეო ფაქტორებთან. რამდენი ერთი ჩამოვთვალო", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები