თეორემა

მორიგი სამთავრობო ცვლილებები ცვლილების გარეშე

წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ავად ხართ, ტკივილები გტანჯავთ, მდგომარეობა ყოველდღე გიმძიმდებათ, ქირურგიული ჩარევა გჭირდებათ და თერაპიასაც ვერ იღებთ - ამ დროს ექიმი გიმტკიცებთ, რომ სინამდვილეში ხართ ძალიან კარგად და თქვენი ავად ყოფნა "გუდიანი კაცის" მოგონილია. რას იფიქრებთ ექიმზე?

ალბათ ზუსტად იმას, რასაც ივანიშვილზე ფიქრობს ქართველი ამომრჩეველი, როდესაც მილიარდერისგან ისმენს, რომ ლარი ჯანსაღად იქცევა, ჩვენი ეკონომიკა რეგიონსა და ევროპაში საუკეთესოდ ვითარდება, ყველაფერი არის ძალიან კარგად, მთავრობა ძალიან კარგად მუშაობს და ცუდი ტაბულას და რუსთავი ორის მოგონილია.

არადა ლარი დღეს დოლართან მიმართებით სამი თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით ექვსი თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარი უკვე 2.33 ლარი, ხოლო ერთი ევრო 2.6 ლარი ღირს.

თუ ხელისუფლება ქირურგიულად არ ჩაერია და გადასახადებისა და ხარჯების მკვეთრი შემცირებისკენ ნაბიჯები არ გადადგა, დიდია ალბათობა იმისა, რომ წლის ბოლოსთვის ერთი დოლარის ღირებულება სამ ლარამდე ავიდეს. ამ კურსს კი ბევრი ბანკი ვერ გაუძლებს და საბანკო კრიზისის წინაშე დავდგებით - ანუ დავბრუნდებით იქ, სადაც 90-იან წლებში ვიყავით, როცა ბანკები პანტაპუნტით კოტრდებოდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მთავრობას არათუ კრიზისის დაძლევის, არამედ კრიზისის აღიარების უნარიც არ აქვს.

საქმე ბიძინა ივანიშვილშია - ის სცილასა და ქარიბდას შორისაა გაჭედილი. თუ მთავრობას გამოცვლის, შეიძლება ცოტა დრო მოიგოს და ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს, მაგრამ იმის აღიარება მოუწევს რომ ქვეყანაში კრიზისია და ის პოლიტიკა, რასაც მისი მარიონეტების გუნდი ატარებდა - სახელმწიფო ჩარევის გაზრდა, რეგულაციების გამკაცრება, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების გაზრდა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ამნისტია და შედეგად გაუარესებული კრიმინალური ვითარება - არასწორი იყო და თავადაც მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, რაც საბოლოო ჯამში მისთვის კარგად არ დასრულდება.

არ გამოცვლის და იმ ექიმის როლში უნდა იყოს - რომელიც ტკივილებით გატანჯულ სნეულს უმტკიცებს, რომ ჯანმრთელია, რაც მის მიმართ აგრესიას ყოველდღიურად ზრდის.

ივანიშვილის დილემა - ამ თემაზე ვმსჯელობთ თეორემას პირველ ნაწილში.

კომენტარები