საქართველო-ევროკავშირი

სამადაშვილი: მთავრობის ინტერესებს ბრიუსელში რუსეთის ყოფილი ლობისტი იცავს

საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ლობისტების მეშვეობით ბრიუსელში არა ქვეყნის ინტერესებს იცავს, არამედ წინა ხელისუფლების დისკრედიტაციას ეწევა, მის ინტერესებს კი რუსეთს ყოფილი ლობისტი წარმოადგენს. ამის შესახებ ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს წინა ხელისუფლებას ჰყავდა ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ეხმარებოდნენ პოლიტიკის განხორციელებაში, მაგრამ ამ ლობისტურ საქმინაობას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. მაგალითად, ქვეყნის ოკუპაციის საკითხის დაყენება ამ თუ იმ დედაქალაქებში... არ მინდა, რომ რაღაც ჭორაობა გამომივიდეს, მაგრამ ის, ვინც წარმოადგენს დღეს ბრიუსელში ასეთ რესურსს საქართველოს ხელისუფლებისთვის, არის ჩემთვის ცნობილი პიროვნება... ამ ადამიანისთვის მიცემული დაკვეთა ცოტა სხვა არის, ვიდრე ის, რასაც ლობისტები ადრე იღებდნენ. დაკვეთა არის ის, რომ წინა ხელისუფლების შავი პიარი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ არჩენები უკვე ორ წელიწადზე მეტია რაც ჩატარდა. ასევე დამტკიცება მსოფლიოსთვის, რომ ის, ვინც ციხეში ზის, იმსახურებს, რომ იჯდეს და ა. შ. ჩემთვის შემაშფოთებელი, რომ ბრიუსელში საქართველოს ინტერსებს წარმოადგენს ის ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ რუსეთის ინტერესებს იცავდა იგივე ქალაქში და იგივე პოლიტიკურ წრეებში", - განაცხადა სამადაშვილმა.

„ყველას გვახსოვს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი და ფაქტობრივად არ უნდა იყოს დიდ მსოფლიო პოლიტიკის რუკაზე წარმოჩენილი, მგონი ისიც თქვა, რომ საქართველო სოფელია. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რეალური პატრონის ამ დაკვეთას ძალიან წარმატებით ასრულებს მისი გუნდი... საქართველო რეალურად გამქრალია მსოფლიოს პოლიტიკის დღის წესრიგიდან, ამის მაგალითი არის ისიც, რომ იგივე [რიგის სამიტის დეკლარაციის] ტექსტში, რომელიც ხელმისაწვდომია, დაფიქსირებულია შეშფოთება უკრაინაში ყირიმთან დაკავშირებით რუსული ოკუპაციით, თუმცა საქართველოს ტერიტორიები საერთოდ არ არის მოხსენიებული. საერთოდ, ძალიან ბევრ საერთაშორისო ფორუმზე მიწევს დასწრება და სამწუხაროდ, საქართველო არ არის დღის წესრიგში თითქმის არსად. ეს დაკვეთა შესრულებულია", - აღნიშნა სამადაშვილმა.

მისი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში საქართველოსთვის დიდი შედეგების მომტანი არ იქნება. ამას როგორ ობიექტური მიზეზები აქვს - მოვლენები უკრაინაში, ასევე სუბიექტური - საქართველოს  მთავრობის არასაკმარისი მუშაობა, მის მიერ პოლიტიკური კავშირების დაკარგვა ევროკავშირთან, ასევე შიდა მიზეზები - ეკონომიკური ზრდის შენელება და კრიმინალის ზრდა, რაც ევროკავშირის  ქვეყნების საქართველოს მიმართ განწყობაზეც მოქმედებს. შესაბამისად, მისი აზრით, თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, დიდი შანსია საქართველოს ხელისუფლება რიგის სამიტიდან ხელცარიელი დაბრუნდეს.   

კომენტარები