ყველას გვახსოვს ქართული ოცნების ცნობილი დაპირება კომუნალური ტარიფების განახევრების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში იმით დამთავრდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიაფდა, ისიც ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიებისთვის საინვესტიციო ვალდებულებების გაუქმების ხარჯზე.
შედეგმაც არ დააყოვნა - შარშან ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 60%-ით შემცირდა.
მოგეხსენებათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უცხოური ვალუტის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას ტურიზმთან, ფულად გზავნილებთან ერთად.
როცა მცირდება უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი, უფასურდება ეროვნული ფული - ანუ ხდება ის, რაც ხდება ახლა.
ეროვნული ვალუტის გაუფასურება, იმპორტირებული პროდუქტის, მაგალითად ბუნებრივი აირის ფასის მატებას იწვევს - და მოიმატა კიდეც. კომერციული სუბიექტებისთვის გაძვირებული გაზის გადასახადს, უკვე თითქმის ორი თვეა სახელმწიფო იხდის.
გაძვირების საჭიროების წინაშე დგას ელექტროენერგიაც. ქვეყნის ყველაზე მსხვილმა სადისტრიბუციო კომპანიამ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით უკვე მიმართა.
ამ ამბის გასაჯაროებით უკმაყოფილება გამოხატა პრემიერმა.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე უვიცობას ავლენს. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა არ იცის, რომ მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა არის საჯარო და რომც მოინდომოს ენერგეტიკის სამინისტრომ, ინფორმაციას ტარიფის გაზრდის მოთხოვნის შესახებ ვერ დამალავს.
რომ შევაჯამოთ, რა გამოვიდა - იაფფასიანი პოპულიზმის გამო, ელექტროენერგიის ნახვარი თეთრით გასაიაფების მიზნით, ენერგეტიკული კომპანიებისთვის საინვესტიციო ვალდებულებების გაუქმების და ზოგადად, საინვესტიციო კლიმატის გაუარესების შედეგად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რამაც შეუწყო ხელი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და დაიწყო ხალხის გაღარიბების პროცესი - სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2015, ანუ მესამე და კარგ წელს თითოეული ჩვენგანი საშუალოდ 612 დოლარით გავღარიბდებით. გაღარიბებულ მოსახლეობას კი ტვირთად ან პირდაპირ - ტარიფების გაზრდის გზით, ან ირიბად - ტარიფების სუბსიდირების გზით გაუძვირდება ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება - დენი. დენის გაძვირება ცხადია გარდაუვლად გამოიწვევს ყველა იმ სერვისის და პროდუქტის გაძვირებას, რისი წარმოებაც დენთანაა კავშირში.
რატომ დავდექით ამ პრობლემის წინაშე და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ვითარებას - ამ თემაზე ვმსჯელობთ თეორემას პირველი ნაწილის სტუმრებთან ერთად.




