საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ხუთი ძირითადი საექსპორტო საქონლის ექსპორტი შემცირებულია

დავით მძინარაშვილი / REUTERS

2015 წლის პირველ კვარტალში ავტომობილების (63%-ით), ფეროშენადნობების (31%-ით), აზოტოვანი სასუქების (47%-ით), ალკოჰოლური სასმელებისა (69%-ით) და მინერალური წყლების (37%-ით) ექსპორტი შემცირებულია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. სულ ექსპორტმა $503 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით ნაკლებია.

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან ხუთში: აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში, რუსეთსა და იტალიაში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა შემცირებულია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები შეადგენდა, ავტომობილების ექსპორტის 63%-იანი კლების გამო კი საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს დღეს სპილენძის მადნები წარმოადგენს.

ექსპორტის 28%-ით შემცირების მიუხედავად, ზოგიერთი სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი გაიზარდა. განსაკუთრებულად მაღალი ტემპით, 69%-ით წელს თხილისა და კაკლის ექსპორტი გაიზარდა. ასევე 48%-ით გაზრდილია საქართველოში დამზადებული ფარმაცევტული საქონლის ექსპორტი. ასევე ნედლი ნავთობის ექსპორტიც გაზრდილია. 

ექსპორტის შემცირების გამო საქართველოს სავაჭრო ბალანსი კიდევ უფრო მეტად გაუარესდა. პირველ კვარტალში სავაჭრო სალდომ მინუს $1.2 მილიარდი შეადგინა. ექსპორტის შემცირებასთან ერთად საქართველოს იმპორტიც შემცირდა - წინა წელთან შედარებით, 3%-ით. 

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ზოგადად ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საქართველოს ეკონომიკისთვის მისი არსებობა დღეისათვის გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგანაც ფულადი გზავნილების მოცულობისა და ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების შემცირების გამო ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოცულობა მცირდება, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება.

კომენტარები