ბიძინა ივანიშვილის როლი

მელაძე: განცდა არის ისეთი, რომ, ფაქტობრივად, სახელმწიფო აღარ არსებობს

მივედით სიტუაციამდე, როდესაც ძალიან "ჭკვიანი" ადამიანი გვყავს, რომელმაც ყველაფერი იცის და შეუძლია, ყველაფერზე აზრი გამოთქვას. არა მხოლოდ გამოთქვას, არამედ გააკეთოს. ეს ძალიან საშიშია. ეს დაეტყო პოლიტიკურ კლასსაც. ჩვენი პოლიტიკური კლასი ხდება პოლიტიკურად იმპოტენტი. პარლამენტში პროცესს დააკვირდით, რის გარშემოა პროცესი ორგანიზებული - არაფრის გარშემო. მთავარი საჩვენებელი ღირებულება არის ძველბიჭური ტონით გაკეთებული განცხადებები. დააკვირდით მთავრობის მოქმედებებს - აქაც ტოტალური იმპოტენციის ნიშნებია. არის რამდენიმე მიმართულება, სადაც ძვრებია და იქაც ყველაფერი დგას ბოდიშის ტონზე, რომ "ბიუჯეტი გაგვითავდება და რა ვქნათ, ამას მაინც ვაკეთებთ." ხედვის ნაკლებობა - ყველაფერი ეს გამოიწვია იმან, რომ ვიღაცამ აიღო ხელში ძალაუფლება, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული და ყველა ანგარიშვალდებული ადამიანი აღმოჩნდა ხათრით და სხვა რაღაცებით დამორჩილებული ამ ადამიანზე. საზოგადოებაშიც - დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ფულს უხდიდა, არიან უკმაყოფილები იმით, რაც ხდება, მაგრამ ალბათ ქართული, თბილი მომენტია ჩვენი დემოკრატიის, რომ ივანიშვილი ინახავდა მის ოჯახს, გაჭირვების დროს ხელს უმართავდა და რთულია ამ ადამიანებისთვის, რომ გამოვიდნენ და რაიმე თქვან. ეს ყველაფერი გამოიწვევს ორთქლის დაგუბებას ქვაბში და უბრალოდ ხუფი გასკდება. განცდა არის ისეთი, რომ, ფაქტობრივად, სახელმწიფო აღარ არსებობს. ახლა არის რაღაც მოტივტივე ნაფოტი, რომელიც სადღაც ტალღებზე დაფარფატებს.

იურისტი გიორგი მელაძე ტაბულას ეთერში, გადაცემაში "თეორემა."

კომენტარები