დაპირისპირება გურჯაანში

ენმ ხვალ გურჯაანის გამგებლის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ გურჯაანის გამგებლის გადადგომას მოითხოვს. პარტიამ უკვე დააანონსა საპროტესტო აქცია. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამბობენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ აქციის პარალელურად კონტრაქციაც იგეგმება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვს.

"მე და გიორგი ღვინიაშვილი რამდენჯერმე ველაპარაკეთ პოლიციის უფროსს და ვთხოვეთ შეხვედრა, მაგრამ ის იმალება და უარი გვითხრა შეხვედრაზე. ჩენ მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ოგანიზაციებს - სასწრაფოდ ჩაერთონ და არ დაუშვან ის გართულებები, რაც შეიძლება მოჰყვეს დაპირისპირებული ადამიანების ერთ ადგილას შეკრებას. ჩვენ ვთვლით, რომ ოპოზიციას სიტყვის თავისუფლების, აქციების გამართვის უფლება აქვს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც კახეთი თავისი საფაშო ჰგონია - სასწრაფოდ აღკვეთოს ეს უმსგავსობა", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით ხვალ, დღის მეორე ნახევარში, გურჯაანის გამგეობის შენობასთან გაიმართება.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგები დღეს გაასაჯაროეს. გამოქვეყნებულ დოკუმენტში კორუფციული გარიგებებისა და ტენდერების პირობების დარღვევით გურჯაანის გამგეობასა და საკრებულოში ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებზეა საუბარი. როგორც პარტიაში ამბობენ, რაიონში დაგეგმილი პროექტები განსახორციელებლად ისეთ კომპანიებს გადაეცათ, რომლებიც გამგეობის მაღალჩინოსნების ნათესავებს, ახლობლებს და მეგობრებს ეკუთვნით. უმცირესობაში იმასაც ამბობენ, რომ არაერთი მსგავსი კომპანია ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრეა შექმნილი.

პოლიტიკური ოპონენტები ტენდერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. როგორც გურჯაანის გამგებელი ამბობს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული კომპანიებთან ხელშეკრულებები თვითმმართველობის არჩევნებამდე იყო გაფორმებული. ახლობლებისა და ნათესავებისთვის პრივილეგიის მინიჭების ფაქტს გამორიცხავს გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარეც.

კომენტარები