ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში

ლუკაშენკო: ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ოდესღაც ვცხოვრობდით

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით უცვლელია - ასე უპასუხა მან კითხვას, ხომ არ შეცვლის რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ბელარუსის პოზიციას იმავე ტერიტორიების არაღიარების თაობაზე.

"პრეზიდენტი საუბრობდა იმაზე, რომ ამ გაუგებრობების შემდეგ, ომისა და კონფლიქტის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის, უნდა აგვეწყო ურთიერთობები უფრო რბილად და არ უნდა გადადგმულიყო ისეთი ნაბიჯები, რომელზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ. შესაძლოა.

მაგრამ მე და პრეზიდენტი მარგველაშვილი რეალისტები ვართ და ჩვენ შევთანხმდით - მოდი გავავლოთ ზღვარი და შევხედოთ ხვალინდელ დღეს. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ნორმალიზდეს და გაღრმავდეს ურთიერთობები საქართველოს, ბელარუსსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ვფიქრობ, უახლოეს დროში ჩვენ მოვძებნით თუნდაც ერთ პასუხს პატარა კითხვაზე, რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შეწყდეს ეს რიტორიკა, არამედ დავუახლოოთ სახელმწიფოს პოზიციები ერთმანეთს და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ოდესღაც ვცხოვრობდით.

არ არსებობს წინააღმდეგობები ქართველ ხალხს, ბელარუს ხალხსა და რუს ხალხს შორის. უბრალოდ არ არსებობს ასეთი წინააღმდეგობები. თუ არის გაუგებრობა პოლიტიკურ დონეზე, ის გადალახვადია. მაგრამ უნდა დავისახოთ კონკრეტული ამოცანა და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ. მე ჯერ არ მაქვს უფლება პრეზიდენტისგან გავასაჯაროო ჩვენი შეთანხმებები, მაგრამ უახლოეს პერიოდში თქვენ მათ შესახებ გაიგებთ. ჩვენი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ წამოჭერით, რჩება უცვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ ჩამოვიდოდი", - განაცხადა ლუკაშენკომ.

კომენტარები