ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი გადადგა

seragency.gov.ge

სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზურა ახალკაციშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც ახალკაცისთვის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე. ახალკაციშვილი ბრალდებებს უარყოფს თუმცა მიუხედავად ამისა, თანამდებობას ტოვებს.

"დღეს, მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, აგრეთვე სააგენტოში IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგთან დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირად მოიაზრება მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ნაწილში, ხოლო ამ კანონის სხვა ყველა დანარჩენი ნორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე არ ვრცელდება, შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში, ამავე სააგენტოს დირექტორის მონაწილეობა არ არის კანონთან შეუსაბამო.

რაც შეეხება ე.წ. IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგის საკითხს, აღნიშნული ხორციელდებოდა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მონიტორინგისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და ეს პირიქით, აუცილებელია შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ არც ერთ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას, გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის გამო საზოგადოების წინაშე ვიღებ მორალურ პასუხისმგებლობას და იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს მომსახურების სააგენტოს, ზოგადად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეპუტაციას, ჩემს კოლეგებს, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. " - წერს ახალკაციშვილი.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონის მე10 მუხლს არღვევს და საკუთარი უწყების მიერ ორგანიზებული აუქციონით თავად სარგებლობს.- ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა რადიომ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

პირველი რადიოს მიერ მოპოვებულ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ 2013 წლის 14 იანვარს მან აუქციონის საშუალებით ავტომობილი volkswagen jetta შეიძინა, რომლის ფასიც 9040 ლარი იყო. 2013 წლის 14 ივნისს ახალკაციშვილმა კვლავ გაიმარჯვა ინტერნეტ აუქციონში და შეიძინა ავტომობილი bmw 530, რომლის ღირებულებაც 13 845 ლარი იყო. ასევე, პირველი რადიოსთვის გახდა ცნობილი კიდევ ერთი ავტომობილი აუქციონის საშუალებით ზურაბ ახალკაციშვილის მეზობელმა - კონსტანტინე კოკაიამ შეიძინა.

 

კომენტარები