აფრასიძეების საქმე

ენმ: შესაძლოა, ბარამიძის წინააღმდეგ ჩვენების მისაღებად, ზურაბ ქაჯაია დააკავონ

ტაბულა

გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი უფროსის ზურაბ ქაჯაიას დაკითხვის ფაქტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის თქმით, სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, ისევე როგორც ე.წ. აფრასიძეების საქმეზე დაკითხულ სხვა 100-ზე მეტ სპეცრაზმელს, სთხოვენ, ჩვენება გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მისცენ. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ზურაბ ქაჯაიას დღეს დააკავებენ.

"გუშინ, დღისით, ზურაბ ქაჯაია მიემგზავრებოდა მისივე თანამებრძოლის, იმავე რაზმის წევრის, უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯანელიძის გადმოსვენების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. აეროპორტში დაურეკეს და უთხრეს, გაბრუნებულიყო პროკურატურაში გასაუბრებისთვის, სადაც ის დააყოვნეს ცხრა საათის განმავლობაში და გაათავისუფლეს ღამის სამ საათზე. დღეს კი კვლავ დაიბარეს მოწმის სახით დაკითხვაზე. ეს დაკითხვა უკავშირდება ყაჩაღი აფრასიძეების გაუვნებელყოფის ცნობილ ოპერაციას და ზურაბ ქაჯაიას, ისევე როგოც ამ საქმეზე დაკითხულ ასზე მეტ სპეცრაზმელს, სთხოვენ ერთსა და იმავეს - მისცენ ჩვენება, თითქოს, მაშინდელი მინისტრი გია ბარამიძე აძლევდა მათ აფრასიძეების პირდაპირი ლიკვიდაციის ბრძანებას. ასეთ ჩვენებას არავინ არ აძლევს და არც მისცემს, იმიტომ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ ივანიშვილის სურვილი - მიიღოს ასეთი ჩვენება. არსებობს ალბათობა, რომ დღეს დააკავებენ ზურაბ ქაჯაიას, რომელიც არის გორგასლის სხვადასხვა ხარისხის ორდენების მფლობელი, საბრძოლო მამაცობისთვის ოდენის მფლობელი, ღირსების ორდენის მფლობელი, დამსახურებული პოლიციელის წოდების მფლობელი. მას დააკავებენ იმისთვის, რომ ციხეში ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მიიღონ სასურველი ჩვენება", - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს პატრიოტი მებრძოლების ეშინია.

"მან იცის, რომ თავად ებრძვის საკუთარ ქვეყანას. ამიტომ, ივანიშვილს გააჩნია სრულიად მოტივირებული შიში პატრიოტი მებრძოლების და დღიდან ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისა, განუწყვეტელი შეტევა ხორციელდება სპეცდანიშნულების რაზმების ყოფილ თუ მოქმედ წევრებზე, რასაც მოაქვს კატასტროფული შედეგები. ასევე, ქართული ოცნება განუწყვეტლივ ცდილობს მათთვის სასურველი ჩვენებების მისაღებად, სხვადასხვა საქმეებზე დადგმები განახორციელოს იმისთვის, რომ ძირითადი პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანონ. კატეგორიულად ვურჩევ ხელისუფლებას, ხელი აიღონ ასეთ ქმედებებზე, შეწყვიტონ სპერაზმელების დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ კანონის ფარგლებში პროტესტის ყველა შესაძლო ფორმას. ეს პროცესი გამოიღებს ძალიან მძიმე შედეგებს", - თქვა თარგამაძემ.

მთავარ პროკურატურაში გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილ ხელმძღვანელს კითხავენ. საგამოძიებო უწყებას ზურაბ ქაჯაიასთან კითხვა აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით აქვს. ქაჯაია გუშინაც დაკითხეს და ის უწყებაში აეროპორტიდან წაიყვანეს. სპეცრაზმის ყოფილი უფროსი უკრაინაში, გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით მიდიოდა.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ ვერ მოგცემთ ინფორმაციას, რადგან ამაზე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. გუშინ უკრაინაში მივფრინავდი, რადგან ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც აფხაზეთში ვიბრძოდი, გარდაიცვალა და ალბათ იცით თქვენ. იქ მის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მინდოდა ჩასვლა, რომ ერთად გადმოგვესვენებინა", - თქვა ქაჯაიამ.

კომენტარები